კორონავირუსის ინფიცირების მატების გამო საავადმყოფოები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ. კლინიკების დირექტორები ამბობენ, რომ კლინიკებში საწოლები პრაქტიკულად შევსებულია.
"ჩვენს კლინიკას რაც შეეხება, ჩვენ გაგვაჩნია საწოლფონდი კოვიდნფიცირებულთა პაციენტებისთვის, 160 საწოლი, რომელიც პრაქტიკულად უკვე შევსებულია. არის 15 რეანიმაციული საწოლი გათვალისწინებული და გარდა ამისა, კოვიდემერჯენსში გვაქვს კიდევ 3 საწოლი, სადაც ხდება პაციენტების ტრიაჟის კუთხით დაყოვნება",- თქვა კლინიკა "ვივამედის" დირექტორმა, ზურა ჩხაიძემ.
ციციშვილის ბავშვთა კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, საავადმყოფოში მომართვიანობამ თვის დასაწყიში მოიმატა. კლინიკა დღეში 30-მდე პაციენტს იღებს. როგორც ის განმარტავს ჯერჯერობით პაციენტების მიღებასა და გაწერას შორის კლინიკა ბალანსს ინარჩუნებს, თუმცა კოვიდმიმართულება განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობს.
"კლინიკაში მომართვიანობის მატება თვის დასაწყისიდან დაიწყო და ავიდა იმ სტაბილურ მაჩვენებელზე, სადაც დღეში 15-20-30 პაციენტამდე ხდება პაციენტების შემოდინება. დაახლოებით ისეთივე რაოდენობით, 10-დან 20 პაციენტამდე ვახერხებთ გაწერას და ამიტომ ბალანსი შენარჩუნებული გვაქვს, თუმცა კლინიკა მუშაობს, კოვიდმიმართულება განსაკუთრებით, მაქსიმალურ დატვირთვაზე",- თქვა ციციშვილის კლინიკის დირექტორმა, დავით რეხვიაშვილმა.
ჯანდაცვის ექსპერტები ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამბობენ, რომ სექტემბრისთვის ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება.
ავტორი: ზურა პეტროსიანი.