შინაგან საქმეთა სამინისტრომ "მთავარი არხის" ჟურნალისტის, თათია წოწონავას, საქმეზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება სიცოცხლის მოსპობის მუქარას, რომელიც სოციალურ ქსელ "TikTok-ში" გავრცელდა. შსს-მ საქმე მას შემდეგ აღძრა, რაც ჟურნალისტმა, გომელაურის უწყებას ფაქტის მოკვლევის მიზნით, წერილობით თავად მიმართა. გამოძიება მუქარის ფაქტზე მიმდინარეობს.
თათია წოწონავა თითქმის 3 საათის განმავლობაში იკითხებოდა.
"ჯერჯერობით არ არის პირი იდენტიფიცირებული, თუმცა მითხრეს, რომ მარტივად მოვახდენთ იდენტიფიცირებას, ჟურნალისტებზე მუქარებს 5 ივლისის შემდეგ განსაკუთრებით მიეცა სისტემატური სახე, არა მარტო მე, ჩემი კოლეგებიც იღებენ მუქარის გზავნილებს, ჩემი ჩართვაც ასეთი წარწერით 5 ივლისის შემდეგ არის გაკეთებული",- ამბობს თათია წოწონავა.
ცნობისთის, ჟურნალისტი გუშინ პოლიციაში დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იკითხებოდა. წოწონავამ სამართალდამცველებს დეტალური ჩვენება მისცა და უთხრა, რომ 10 ივლისს სოციალურ ქსელში, რომელიც ჟურნალისტის პირდაპირ ეთერში ჩართვას ასახავს, კადრები მუქარის შემცველი ტექსტით არის დასათაურებული, ანალოგიური გზავნილებია კომენტარებშიც.
თათია წოწონავას თქმით, დაახლოებით ერთი კვირის წინ, მან ამ თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელშიც მონიშნა, თუმცა გამოხმაურება არ ყოფილა, რის გამოც იძულებული გახდა, პოლიციისთვის ოფიციალური განცხადებით თავად მიემართა.