
რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე "ვი-თი-ბი" ბანკში, რომელსაც გუშინ თავს ერთი ადამიანი დაესხა. ბანკის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კაცი იქ ძარცვის მოტივით არ შეჭრილა და არც რაიმე მოთხოვნა ჰქონია.
გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში ის სავარაუდოდ ღვინის ქარხნის ტერიტორიის გავლით, სავენტილაციო შახტიდან შევიდა. თავდამსხმელი ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეამჩნია, რის გამოც მამაკაცმა მას სავარაუდოდ მომწამლავი ნივთიერება შეასხა.
"იგი შემოვიდა როგორც ამბობენ უკან არსებული ღვინის ფაბრიკიდან ფილიალის მე-2 სართულზე, სამუშაო ზონაში. არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში, არ მოუთხოვია არაფერი საერთოდ, მსგავსი არანაირი, რომ მას სდომოდა რამის გაქურდვა, ან რამე მოთხოვნები ჰქონდა რომ მომეცით, არ ყოფილა", - თქვა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსმა, შოთა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, გამოიკითხა ადგილზე მყოფი ყველა თანამშრომელი და ამოღებულია მასალაც.
საგამოძიებო უწყებას აღნიშნული პირი ჯერ არ დაუკავებია. საქმეზე გამოძიება მუქარისა და ქურდობის მცდელობის მუხლებით მიმდინარეობს.