ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო გიორგი რურუას სასამართლო სხდომაზე - ბრალდებულის გაღიზიანება პროცესზე პირველად მყოფი პროკურორის ტონმა გამოიწვია.
გიორგი რურუამ მოწმისთვის დასმული კითხვის აცილება მოითხოვა, რასაც პროკურორთან შელაპარაკება მოჰყვა. მოსამართლემ დაპირისპირებულ მხარეებს გაფრთხილება მისცა.
ბატონი გიორგი რურუა ცდილობს ამ პროცესების მიმდინარეობისას დისკრედიტაცია მოახდინოს მოწმეების, დასვას იმგვარად კითხვები, შესაბამისად, ამას თავისთავად მოჰყვება ჩვენი პროტესტი, - ამბობს საქმის პროკურორი, ვასილ სამხარაძე.
დღევანდელ პროცესზე ის ექსპერტ-კრიმინალისტები დაიკითხნენ, რომლებიც ბრლდებულის ავტომობილიდან ამოღებული იარაღის ექსპერტიზაში მონაწილეობდნენ. ხუთივე მათგანი ადასტურებს, რომ დეენემი ერთნაირი წარმატებით გადადის შეხებითაც და ბამბით დატანითაც.
გაირკვა ისიც, რომ იარაღი ერთჯერად დაშტრიხულ პარკში არ დაულუქავთ და მისი ტრანსპორტირება მრავალჯერადი გამოყენების საცავით მოხდა.
აღნიშნული გარემოება დაცვის მხარისთვის ადასტურებს ეჭვს, რომ იარაღზე მანიპულაციას ჰქონდა ადგილი.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მათ განაცხადეს, არის ის, რომ მარტივად არის შესაძლებელი, რომ ადამიანს ჩხირით, რომელზეც არის ბამბა მოთავსებული, წაუსვა კანზე, აიღო მისგან დეენემ-ის ნიმუში და მერე დაიტანო ნებისმიერ ნივთზე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ, ზუსტად ასე მოხდა გიორგი რურუას შემთხვევაში, - ამბობს გიორგი რურუას უფლებადამცველი, დიმიტრი საძაგლიშვილი.
გიორგი რურუას საქმის მომდევნო პროცესი ორშაბათს, 25 მაისს არის ჩანიშნული. სხდომაზე ის სამართალდაცველი დაიკითხება, რომელიც ბრალდებულის ავტომობილის ჩხრეკაში უშუალოდ მონაწილეობდა.