დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის დელტა + შტამის 2 შემთხვევაა დადასტურებული. მისივე განმარტებით, ეს კორონავირუსის დელტა შტამის, ანუ ე.წ. ინდური შტამის ქვეშტამია.
"არავითარი ქართული შტამი არაა, ეს არის ჩვეულებრივი დელტა ანუ ინდური შტამი, დელტა პლიუსი ჰქვია, მას ანუ კლასიკურ დელტა შტამს აქვს კიდევ ქვეშტამი. მოგეხსენებათ ეს ვირუსები ძალიან ხშირ მუტაციას განიცდიან. ეს არის დელტა პლუსი და გაშიფრულია სეკვენირებით ჩვენთანაც, ორი შემთხვევა გვაქვს დელტა პიუსის - თქვა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში დაახლოებით 40-დან 50%-მდე დელტა შტამი ცირკულირებს, რომელმაც "ალფა" ანუ ბრიტანული შტამი ჩაანაცვლა. NCDC-ს დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, დღეს შემთხვევების ნახევარი უკვე "დელტა შტამზე" მოდის.
"თბილისში 50%, მეტიც შეიძლება იყოს [დელტა შტამი], აჭარაშიც ასეა, დანარჩენ საქართველოში სადღაც 40%-ია. ასე, რომ დაახლოებით ნახევარი ყველა შემთხვევისა, დღეს არის უკვე დელტა შტამით გამოწვეული, მათ შორის ე.წ. დელტა პლუსი, რომელიც ლუგარში უკვე დადასტურებული გვაქვს სეკვენირებით. [...] ასეთი უკვე ორი შტამია და ისინი მსოფლიო ბაზაშიც ატვირთულია მეორე კვირაა, რომ საქართველოში, ჩვენთან დელტა პლუსის შტამი დაფიქსირებულია", - თქვა იმნაძემ.
მისივე განმარტებით, "დელტა პლიუსი" შტამი სწრაფად ვრცელდება და მეტად გადამდებია.