ჟურნალისტებზე თავდასხმები, რომლებიც 5 ივლისის შემდეგ ვნახეთ, შემაშფოთებელი იყო - დეგნანი

გამოქვეყნდა:

საჭიროა მკაფიო მესიჯი მათ მიმართ, ვინც ჟურნალისტებზე და მედიის თავისუფლების წინააღმდეგ, ამ თავდასხმების ორგანიზატორია, რომ ამ ყველაფერს შედეგი მოჰყვება, ამას არ მოითმენენ და ეს მიუღებელია - ამ განცხადებით, ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, 5 ივლისის შემდეგ ჟურნალისტებზე განხორციელებულ ორგანიზებულ თავდასხმებსა და ძალადობის ფაქტებს ეხმაურება. 

ელჩი დეგნანის თქმით, შოკისმომგვრელი თავდასხმების სერია, რომელიც 5 ივლისის შემდეგ ჟურნალისტებზე ხორციელდება, კარგად ორგანიზებულია და იმ ქცევის კოდექსის ნაწილია, რომლის ჩამოყალიბებასაც წელიწად-ნახევარზე მეტია, თვალს ადევნებს.

"ყველას, ვისაც დემოკრატიის სწამს, ესმის რა ცენტრალურ როლს ასრულებს თავისუფალი მედია ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში. მრავალფეროვანი, პლურალისტული მედია, უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას, მათ ინფორმირებულ არჩევანს. თავდასხმები, რომლებიც 5 ივლისის შემდეგ ჟურნალისტებზე ვნახეთ, შოკისმომგვრელი და ძალიან შემაშფოთებელი იყო. როგორც ვნახეთ, ჟურნალისტების წინააღმდეგ მოქმედება კარგად იყო ორგანიზებული. 

აუცილებელი და მნიშვნელოვანი მკაფიო მესიჯი გავუგზავნოთ ამ ადამიანებს და ვუთხრათ, რომ ძალადობა მიუღებელი და არატოლერანტულია. ჟურნალისტური საქმიანობა და მედიათავისუფლება კონსტიტუციითაა დაცული, რაც ნიშნავს, რომ ადამიანების მხრიდან, ამ უფლებების დაცვა აუცილებელია.

მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იქნეს გარემო, რომელიც ჟურნალისტებს საქმიანობის უსაფრთხოდ შესრულების საშუალებას მისცემს. იმ ადამიანებმა კი ვინც დანაშაული ჩაიდინეს, პასუხი უნდა აგონ. როგორც ვიცი, გამოძიება მიმდინარეობს, ძალიან კარგია, რომ რამდენიმე პირი უკვე დააკავეს. პოლიციას აქვს სათანადო შესაძლებლობა და გამოძიება, რომ მომხდარი კარგად გამოიძიოს. მნიშვნელოვანია მონაწილეები და ორგანიზატორები პასუხისგებაში მიეცნენ და კანონის სრული უზენაესობით დაისაჯონ. ძალადობა, ორგანიზებული თავდასხმა და სიძულვილის ენა მიუღებელია და მას შესაბამისი სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს. განსაკუთრებით კი ახლა, როცა არჩევნები ახლოვდება, ჟურნალისტებს თავისუფლები მოქმედების საშუალება უნდა ჰქონდეთ, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია",- ამბობს კელი დეგნანი

ცნობისთვის, 5 ივლისის შემდეგ, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე არაერთი თავდასხმა მოხდა. ამას კიდევ უფრო მეტად ახალისებს ხელისუფლების წარმომადგენლების დამოკიდებულება და საქციელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი