თბილისში ნაპოვნი გარდაცვლილი აზერბაიჯანელმა ოპოზიციონერი ბლოგერის, ჰუსეინ ბაკიხანოვის ადვოკატი მასთან ბოლო კომუნიკაციას იხსენებს. უფლებადამცველი არტურ განიევი ერთ-ერთი ბოლო ადამიანია თბილისში, ვისაც ბლოგერი გარდაცვალებამდე ესაუბრა.
ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია მათ შორის 13 ივლისს შედგა. შსს ამბობს, რომ ბლოგერი გარდაცვლილი 14 ივლისს ნახეს.
"ჰუსეინ ბაკიხანოვი წარმოადგენდა ბლოგერს, როგორც ოპოზიციურად განწყობილს თავის ქვეყანაში, აზერბაიჯანში. მას ჰქონდა სერიოზული ეჭვი, რომ ეს შემთხვევითი თავდასხმა არ იყო და აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმართა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს და ამ ეჭვების შესახებ იქაც განაცხადა.
ის უბრალოდ შეწუხებული იყო იმ ფაქტით, რომ მისი აზრით ის რეაგირება იყო ძალიან არაეფექტური რაც ჩატარდა, ცემის მერე საკმაოდ დიდი ხანი გავიდა და ის ელოდებოდა ექსპერტიზაზე გადაყვანას, თუმცა მისი განცხადებით, სამართალდამცავები არ ჩქარობდნენ. იმ ჯგუფთან დაკავშირებით მან ჩემთან საუბარში ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ მემუქრებოდნენო", - ამბობს ადვოკატი, არტურ განიევი.
ადვოკატი ამბობს, რომ ჰუსეინისგან აქვს ინფორმაცია, რომ მას უთვალთვალებდნენ, ის არ გამორიცხავს, რომ იმ პირების იმ ადამიანების ფოტო ან ვიდეო კადრები გარდაცვლილის ტელეფონში იყოს. ამ დროისთვის უცნობია სადაა ჰუსეინის ტელეფონი.
გამოძიების მხირდან ადვოკატს ამ დრომდე არავინ შეხმიანებია.
მეორე დღეა პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს, ჰუსეინის მეგობრები ბევრ საეჭვო დეტალზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ 12 ივლისს მომხდარ თავდასხმასა და 14 ივლისს გარდაცვალებას შორის კავშირი ნამდვილად არის.
მეგობრები ყვებიან, რომ ჰუსეინი საქართველოსგან თავშესაფარს ითხოვდა და ბევრი გეგმა ჰქონდა, მათი განცხადებით, ის თავს არ მოიკლავდა.