
ჩუმლაყში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ორი პირიდან ერთი, ალექსანდრე ტურიაშვილი, თელავის რაიონულმა სასამართლომ გაათავისუფლა.
დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის დაკავებულ ტურიაშვილს, პატიმრობიდან 4 თვის შემდეგ, 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ადვოკატის ინფორმაციით, მას დამატებითი საპროცესო სანქციები დაეკისრა, რაც ქვეყნიდან გაუსვლელობასა და მოწმეებთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას გულისხმობს.
ტურიაშვილის გათავისუფლებამ კითხვის ნიშნები გაუჩინა დაკავებული მალხაზ ბადუაშვილის ადვოკატს. თამარ თედლიაშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა საქმეში კონკრეტული პირების ინტერესი გამოიკვეთოს.
პატიმრობაში რჩება მეორე ბრალდებული, ჯუანშერ ტურიაშვილი, რომელიც ბრალს აღიარებს. სახელმწიფო ბრალდება მას ერთი პირის მკვლელობასა და ორის დაჭრას ედავება.
ცნობისთვის, ჩუმლაყი-ყიტაანის დამაკავშირებელ გზაზე მკვლელობა 26 მარტს მოხდა. კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის მიმართ შურისძიების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი პირი მოკლეს. ორი კი დაჭრეს. მათ შორის ერთ-ერთი ბადუაშვილი იყო, რომელიც ამ დროისათვის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით არის დაკავებული. ის წარსულში მკვლელობის გამოა ნასამართლევი.
ავტორი: ია გულიაშვილი