ზუგდიდის მერია TV "იმედის" "ღამის შოუს" კონცერტში 19 ათას ლარს უხდის - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის საკრებულოს წევრი "ევროპული საქართველოდან", ბათლომე შელია ავრცელებს.
განმარტავს, რომ კონცერტების წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და კოვიდპანდემიის პირობებში კონცერტის გამართვა უპასუხისმგებლო და მავნებლური ქმედებაა.
"მაშინ როცა ქვეყანაში გვაქვს უმძიმესი სიტუაცია და პანდემიის ახალი ტალღის გამო ხელისუფლება მოგვიწოდებს ვიყოთ ძალიან ფრთხილად, მოვერიდოთ ხალხმრავალი შეკრების ადგილებს, ზუგდიდის მერიამ გადაწყვიტა ტელეკომპანია "იმედის" მუსიკალურ ბენდს გადაუხადოს 19 000 ლარი და ჩაატაროს კონცერტი ზუგდიდში...
კონცერტების და გასართობი ღონისძიებების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ასეთ უმძიმეს პერიოდში ეს რა უბედურებაა...?! თან გგონიათ თვითონ გადაწყვიტეს ეს?! ამ გნოლიძის ბენდს ვიღაცა კონცერტებით შემოსავლებს უგვარებს და ეს ჩვენი ადგილობრივი ხელისუფლება მორჩილად უკრავს თავს, ისე რომ არც ფიქრობს რეალურად რას აკეთებს... არ არის ეხლა ეს სრული უპასუხისმგებლობა და მავნებლობა?!",- წერს შელია.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით, მომსახურების შესყიდვა გამარტივებული წესით მოხდა. უკვე გამოცემულია ზუგდიდის მერის ბრძანებაც.