
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყალბი დოკუმენტებით, მოტყუებით დაირეგისტრირა მცხეთაში 6 მიწის ნაკვეთი.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირა საკარმიდამო/საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად თითქოსდა ფიზიკური პირების სარგებლობაში არსებული, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილი 6 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 28 800 მ2. საქმეზე დანიშნული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 919 977 ლარს", - წერია უწყების განცხადებაში.
მიწის ნაკვეთები უკვე დაყადაღებულია.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.