ქრთამის აღების ბრალდებით, დაკავებული მარნეულის პოლიციის გამოძიებელი დავით ბოჭოიძეა - სამართალდამცველები მას ქრთამის სახით, 150 დოლარის აღებას ედავებიან.
რამდენიმე თვის წინ მარნეულის პოლიციამ ჩხუბის ფაქტზე არაერთი პირი დააკავეს. საქმის მასალებით დგინდება, რომ დავით ბოჭოიძე დაკავებულებს გირაოს გარეშე გათავისუფლებას დაპირდა, თუმცა სასამართლომ მათ გირაო მაინც გადაახდევინა. ამის შემდეგ, დაკავებულებმა გამომძიებელს გენერალურ პროკურატურაში უჩივლეს.
დავით ბოჭოიძე წაყენებულ ბრალს აღიარებს. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. პროკურატურაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით განცხადებას უწყება რამდენიმე საათში გაასაჯაროებს.
უფლებადამცველის თქმით, ის სასამართლოში შუამდგომლობას დააყენებს, რომ ქრთამის აღების მუხლი ზეგავლენით ვაჭრობის მუხლად გადაკვალიფიცირდეს.
"აღნიშნულ პირებს ბოჭოიძე დაპირდა დახმარებას, მაგრამ მას არ შეეძლო ფიზიკურად ანდა იურიდიულად დახმარება, რამეთუ გადაწყვეტილების მიმღები პირი მაგი არ იყო, საქმე იყო სხვა გამომძიებლის წარმოებაში. ინანიებს და აღიარებს დანაშაულს",- ამბობს ადვოკატი ამირან დევაძე
ცნობისთვის. დავით ბოჭოიძის გვარი ფიგურირებს "მთავარი არხის" ჟურნალისტის, ჯეიჰუნ მუჰამედ ალის, ცემის საქმეშიც.