დაკავებულია მოქმედი ძალოვანი - მარნეულის პოლიციის გამომძიებელს ქრთამის აღებას ედავებიან. დავით ბოჭოიძე კორუფციულ სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც ვერ შეასრულა დაპირება.
ქრთამის აღების მიუხედავად, ბოჭოიძემ ბრალდებულები ვერ გაათავისუფლა გირაოსგან, რის შემდეგაც საქმეში უკვე პროკურატურა ჩაერთო. დაცვის მხარე ახლა საქმის გადაკვალიფიცირებას და შედარებით მსუბუქი მუხლით წარმართვას ცდილობს.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ სამართალდამცველი რამდენიმე თვის წინ, საქმის გარჩევის დროს დაკავებულ პირებს გირაოს თავიდან აცილებას დაჰპირდა და სანაცვლოდ მათ 150 დოლარი გამოართვა.
ბრალდებული პოლიციელი "მთავარი არხის" კორესპონდენტის, ჯეიჰუნ მუაჰამედალის საქმეს იძიებდა, როცა მას მარნეულის ცენტრში ადგილობრივი მაღალჩინოსნების მითითებით სასტიკად გაუსწორდნენ.
ბრალდებული გამომძიებელი უკვე პენიტენციურ დაწესებულებაშია. აღმკვეთი ღონისძიების სახით მას ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.