ხონის საარტილერიო ბრიგადის ერთ-ერთ მეთაურს, ხელბორკილები სამხედრო ნაწილში დაადეს. გამოძიებით დგინდება, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი ფულს სამხედროებისგან ავღანეთის მისიაში გაგზავნის სანაცვლოდ იღებდა.
2500 დოლარად ის მზად იყო, გაეყალბებინა მონაცემები, დოკუმენტებში ჩაეწერა, თითქოს ჯარისკაცი ნატო-ს სტანდარტებს აკმაყოფილებდა და მსურველი საერთაშორისო მისიაში წამსვლელი სამხედროების სიაში ჩაესვა.
პოლკოვნიკი სერგო ბზიკაძე საარტილერიო ბრიგადის ერთ-ერთი მეთაური იყო, თუმცა ავღანეთში წამსვლელ ჯარისკაცთა სიას ის არ ადგენდა, ამიტომ ყოფილ სამხედროებს ეჭვი აქვთ, აღებული ქრთამიდან წილი სამხედრო მეთაურებთან მიდიოდა.
ჯარისკაცი ბადრი შელია ამბობს, რომ კორუფციამ თავდაცვის სამინისტროს ყველა დანაყოფი მოიცვა და მაღალანაზღაურებად მისიაში წასვლის მსურველები წილს მეთაურებს აძლევენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცები, ვინც ავღანეთის მისიაში მიდის მაღალ ანაზღაურებას იღებენ, ასევე უნარჩუნდებათ ის ხელფასი, რომელიც საქართველში ჰქონდათ. ამიტომ სამხედრო, ვინც ჯარში მინიმალურ ანაზღაურებაზე მუშაობს, მზად არის მეთაურს წილი მისცეს სიაში მოსახვედრად.
ამ დრომდე თავდაცვის მინისტრს და სამხედრო მეთაურებს კორუფციულ სკანდალზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. დაკავებულმა სერგო ბზიკაძემ სასამართლო პროცესზე დღეს ბრალი აღიარა და ამით დანაშაული საკუთარ თავზე აიღო. ბზიკაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 25 წელია მსახურობს, კორუფციული სკანდალის გამო კი მას მომდევნო ცხრა წლის გატარება ციხეში მოუწევს.