გორში "მთავარი არხის" ჟურნალისტ გიორგი ახალკაცისთვის მიკროფონი მოპარვიდან 24 საათი გავიდა, თუმცა სიახლე ჯერ არაფერია. პოლიცია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს სწავლობს, სადაც პირთა გადაადგილება კარგად ჩანს.
გიორგი ახალკაცს კი დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა, ის პოლიციამ გუშინ გამოკითხა. ამ დრომდე გამოკითხული სხვა არავინ არაა.
"მომხდართან დაკავშირებით მე მივმართე შსს-ს, სამართალდამცავებმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები, მე ვიმყოფებოდი ადვოკატთან ერთად გორის სამმართველოში გამოკითხვაზე, დეტალურად ვუამბე თუ რა ვითარებაში გაუჩინარდა მიკროფონი და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ის მოიპარეს. სამართალდამცველებმა მე მომანიჭეს დაზარალებულის სტატუსი", - თქვა გიორგი ახალკაცმა.
ადვოკატი, ლექსო მერებაშვილი ამბობს, რომ მოქალაქეები კულტურის მინისტრ, თეა წულუკიანის მიერ "მთავარი არხის" მიკროფონის მოპარვამ წაახალისა.
"ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" დირექტორი, მარიამ გოგოსაშვილი ამბობს, რომ მსგავსი ტენდენცია წულუკიანის საქციელის გამოუძიებლობას მოჰყვა. მისი თქმით, ხელისუფლება ასეთი ქმედებით და რიტორიკით მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას ახალისებს.
ცნობისთვის, "მთავარი არხის" ჟურნალისტს, გიორგი ახალკაცს მიკროფონი გორში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მუშაობის დროს მოჰპარეს. შსს-ს მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.