ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკონსულტაციო ჯგუფი უკვე დაკომპლექტებულია. ვინ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საარჩევნო დავებთან დაკავშირებით იმუშავებენ, ჯერ უცნობია.
"საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ" და "სამართლიანმა არჩევნებმა" საკონსულტაციო ჯგუფი გუშინ დატოვეს, თუმცა, მათ ცესკო პროცესში დაბრუნებისკენ მოუწოდებდა.
"გუშინვე დასრულდა შერჩევის პროცედურა, იმ ადამიანების, ვინც საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობაში უნდა შევიდნენ, ამიტომ ახლა უკან გაბრუნების აზრს ნამდვილად ვერ ვხედავ"- ამბობს ნინო დოლიძე "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მთავარი არგუმენტი რის გამოც საკონსულტაციო ჯგუფი დატოვეს არის ის, რომ არ ენდობიან დანარჩენი 15 არასამთავრობო ორგანიზაციის რეპუტაციას.
"არ ვიცი სად გვეპატიჟებიან ახლა, იმიტომ, რომ უკვე გადაწყვეტილია, ვინ იქნებიან, ამ ჯგუფის შემადგენლობაში. შემადგენლობა იმ ორგანიზაციებისა, ვინც იყვნენ შერჩეულნი, რომ დაეკომპლექტებიათ ჯგუფი, იყო მიუღებელი, ბევრი კითხვა არსებობს მათს საქმიანობასთან, სანდოობასთან, ფინანსურ გამჭირვალობასთან დაკავშირებით",- ამბობს ლევან ნატროშვილი "საერთაშორისო გამჭირვალობა -საქართველოს" პროგრამის მენეჯერი.
ცნობისთვის, საკონსულტაციო ჯგუფის მუშაობაში შერჩეული წევრებისა და ორგანიზაციების შესახებ ცესკოს ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
ამავე თემაზე: