"საზოგადოებრივ მაუწყებელშიც" არის არაფორმალური მმართველობა - აბსანძე გათავისუფლებაზე

გამოქვეყნდა:

"საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" გათავისუფლებული ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე ტელევიზიაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს. ის ვარაუდობს, რომ პირველი არხის პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ბლოკს ვასილ მაღლაფერიძე აკონტროლებს.

"ბრძანებაში ეწერა, რომ წყვეტენ ჩემთან ხელშეკრულებას, შესაბამისად შრომით საქმიანობას ვეღარ გავაგრძელებ საზოგადოებრივ მაუწყებელში, დეტალებზე ჩემი იურისტები მუშაობენ. რამდენიმე კონკრეტული პუნქტია იქ მითითებული, რომელიც ჩემი აზრით, მე არ დამირღვევია. 

სამწუხაროდ, ისევე, როგორც მთელ ქვეყანაში, საზოგადოებრივ მაუწყებელშიც არსებობს არაფორმალური მმართველობა, ჩვენი ყოფილი დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე, რომელმაც გადაინაცვლა პარტიაში, შემდეგ დაახლოებით 2 კვირაში დაბრუნდა ტელევიზიაში, ოღონდ მე-2 არხზე, საგანმანათლებლო პროექტში. ჩემი აღქმით, ის მართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ბლოკს", - ამბობს აბსანძე. 

ჟურნალისტი სამართლებრივი დავის გაგრძელებას გეგმავს.

ცნობისთვის, გუშინ, 10 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ირაკლი აბსანძეს კონტრაქტი შეუწყვიტა. შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს "ქართული ოცნების" ოფისთან აქციაზე "პირველი არხის" ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე დააკავეს. აქცია „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებისა და 5-6 ივლისის ძალადობის გასაპროტესტებლად გაიმართა. 

მანამდე კი,11 ივლისს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" წამყვანმა ირაკლი აბსანძემ, დირექტორს ასე მიმართა: "შსს ეს რა იკადრეთ, თქვენი დედა მოვ**ან... მომხსენი ეთერიდან, თუ ტ***ი გაქვს".

გარდა ამისა, ირაკლი აბსნაძემ მხარდაჭერა გამოუცხადა კარტოგრაფებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი