მზარდი კოვიდსტატისტიკის ფონზე სასულიერო პირები ნაწილი ღიად აფიქსირებს, რომ შესაძლოა აცრა თავადაც გაიკეთონ. როგორც ისინი განმარტავენ, სინოდის გადაწყვეტილებით, ჩაიტარებენ თუ არა ვაქცინაციას არჩევანი მოქალაქეებმა თავად უნდა გააკეთონ, ხოლო საზოგადოების ინფორმირებულობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
"რატომაც არა, მე ვფიქრობ, თუ ამ უბედურებამ მასშტაბური სახე მიიღო, უკვე ყველამ უნდა გაიკეთოს ვაქცინაცია",- ამბობს "მთავართან" საუბარში ცურტაველი მიტროპოლიტი, ვახტანგ ახვლედიანი.
ცურტაველი მიტროპოლიტის პოზიციას იზიარებს ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი და ამბობს, რომ თუ ამას სოციალური მნიშვნელობა ექნება, აცრაზე თანახმაა
მეუფე ექვთიმე ლეჟავა ამბობს, რომ ის კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარებაზე "სინოდის გადაწყვეტილებას დაექვემდებარება".
ვაქცინის გაკეთებას არ გამორიცხავს მეუფე მიქაელ გაბრიჭიძეც.
"თუ ადამიანის ორგანიზმისთვის დადებითის მომტანია, როგორ გეკადრებათ, რატომ ვიქნები წინააღმდეგი? მეც ვფიქრობ მაგაზე. ვიღაცას შეიძლება მაინც შეეპაროს ეს სენი, მაგრამ მეტია შანსი, რომ არ გარდაიცვალოს ადამიანი, მე წუხელი ბიძა გარდამეცვალა, რომელიც რეანიმაციაში იწვა, რომელსაც კოვიდმა დაუტოვა სისუსტე, არის საფრთხე, ვინ უარყოფს ამას?",- ამბობს მეუფე მიქაელი.
შეგახსენებთ, რამდენიმე სასულიერო პირი და მღვდელმთავარი საჯაროდაც აიცრა, მათ საზოგადოებასაც მოუწოდეს ვაქცინაციისკენ. საპატრიარქოს კი ოფიციალურად ვაქცინაციის მხარდამჭერი განცხადება არ გაუკეთებია. ის მუდმივად აპელირებს, რომ აცრა ნებაყოფლობითი უნდა იყოს.