ქვეყანა უმძიმესი კოვიდ რეალობის პირისპირ - პანდემიის დაწყებიდან წელიწადსა და შვიდ თვეში ჯანდაცვის სამინისტრომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. უკიდურესად გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის და კოლაფსის ზღვარზე მისული ჰოსპიტალური სექტორის გამო, ვირუსის სამართავად საველე ჰოსპიტლების მობილიზება დაიწყო.
პირველი საველე ჰოსპიტლის მისამართი დიღმის ოლიმპიური სოფელია - ათასობით ინფიცირებულებისთვის აქ ერთ- ერთ სპორტულ დარბაზში, ასობით საწოლი და სამედიცინო ინვენტარი შეაქვთ.
საწოლფონდის და სამედიცინო ინვენტარის მობილიზების პარალელურად სოციალურ ქსელში გაჩნდა განცხადებები სამედიცინო პერსონალის ვაკანსიების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტრო საველე ჰოსპიტალში დასასაქმებლად ექიმებს, ექთნებს და სანიტრებს სოციალურ სივრცეში ეძებს.
ვინ გაუწევს მონიტორინგს ათასობით ინფიცირებულისთვის საგანგებოდ მოწყობილ საველე ჰოსპიტალს ტიკარაძის უწყება ამ დრომდე დუმილს ამჯობინებს.
"მთავარის" ინფორმაციით დიღმის სოფელში შექმნილ საველე ჰოსპიტლის მართვას ჯანდაცვის სამინისტრო "საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს" და თეიმურაზ კაპანაძეს დაავალებს.
ჰოლდინგის შემადგენლობაშია რესპუბლიკური საავადმყოფოც, რომელიც ერთ-ერთი დიდი კოვიდმიმღები ცენტრია. ინფორმაციის გადამოწმება ჰოლდინგის დირექტორთან ვცადეთ, თუმცა "მთავარი არხის" კითხვების მოსმენა თეიმურაზ კაპანაძემ არ ისურვა.
ავტორი ზურა პეტროსიანი