ავტოსაგზაო შემთხვევა შეშელიძეზე - ოჯახი სამი თვეა სიმართლეს და ფინანსურ დახმარებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

კადრები შეშელიძის ქუჩაზე ავტოსამრეცხაოს სათვალთვალო კამერებმა 9 აპრილს დილით გადაიღო. მანქანა, რომელიც მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა 2 ქვეითს დაეჯახა. მძიმედ დაშავებული ვალერიან მინაძე და მისი მეზობელი ავთანდილ მამულაშვილი სასწრაფომ შემთხვევის ადგილიდან კლინიკაში გადაიყვანა. ავთანდილს სახის ძვლის მოტეხილობები ჰქონდა და ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. ის ახლა თავს კარგად გრძნობს და შემთხვევის დღეს იხსენებს.

9 აპრილიდან დღემდე ვალერიან მინაძე კრიტიკულ მდგომარეობაშია. მინაძეებს კლინიკაში მკურნალობის თანხა აღარ აქვთ. ოჯახმა 2 ოთახიან ბინაში 1 ოთახი რეანიმაციულ განყოფილებად გადააკეთა და ახლა აქ უვლიან. 

ავარიის შედეგად ვალერიან მინაძეს დაუზიანდა თავის ტვინი, მას 2 ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. აქამდე მინაძეების ოჯახს ნათესავები და კეთილი ადამიანები ეხმარებოდნენ. ახალგაზრდა მამაკაცის გამოსაჯანმრთელებლად მესამე ოპერაციის გაკეთება აუცილებელია, თუმცა ოჯახს ფული აღარ აქვს. მკურნალობა დღის განმავლობაში ძვირი ჯდება.

ვალერიან მინაძეს მომხდარიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ნუგზარ კამლაძე ფინანსურად ეხმარებოდა, თუმცა დაფინანსება კამლაძემ დიდი ხნის წინ შეწყვიტა. ამტკიცებენ, რომ ნუგზარ კამლაძემ მათ ნათესავები მიუგზავნა და პოლიციიდან საჩივრის გამოტანა მოსთხოვა.

ოჯახის მონაყოლით ერთ-ერთი ასეთი პირი როგორც ყოფილი პოლიციის პოლკოვნიკი ისე გაეცნო და მინაძეების მტკიცებით დაემუქრა კიდეც.

ნუგზარ კამლაძემ დაგვიდასტურა, რომ მისი ოჯახის წევრი ყოფილი პოლიციელია, თუმცა აცხადებს, რომ მუქარა მათი მხრიდან არ ყოფილა. გვითხრა ისიც, რომ უფრო მეტის თქმას არც საჯაროდ აპირებს.

მინაძეების ოჯახი დარწმუნებულია რომ საქმეზე გამოძიება განგებ ჭიანურდება. გარდა ამისა ვალერიან მინაძის შვილი გვიყვება, რომ შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა და პოლიცია მალევე წავიდა.

ადვოკატების აქტიურობით საგამოძიებო უწყებაში მომხდარიდან რამდენიმე თვის შემდეგ გამოკითხეს თვითმხილველები. ამ დრომდე არ არის დადგენილი რა სიჩქარით მოძრაობდა ღია ფერის ჰონდას ტიპის ავტომანქანა, არ არის შემთხვევის ადგილი დასურათებული და არ არის მიმდებარე ტერიტორიიდან 112-ის სათვალთვალო კამერებიდან ჩანაწერები ამოღებული.

უფლებადამცველების დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად არ ინიშნება საგამოძიებო ექსპერიმენტი. საქმეში უამრავი ხარვეზი ადვოკატებს აფიქრებინებს, რომ გამოძიება განზრახ ჭიანურდება. 

დაზარალებულის ოჯახი, უნდობლობას უცხადებს საგამოძიებო ორგანოსა და საქმის მწარმოებელ გამომძიებელს. მინაძეების ოჯახმა დახმარებისა და სამართლიანობის აღდგენის მიზნით თითქმის უკვე 2 თვე გავიდა რაც პრემიერ მინისტრს მიმართეს, თუმცა ამ დრომდე პასუხი არავის გაუცია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი