
პაციენტის მონაცემების სოციალურ ქსელში არაკანონიერი გასაჯაროებისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ექიმი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ტექსტის თანხლებით, ექიმს მის პირად Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშებზე განთავსებული ჰქონდა პაციენტის ფოტოსურათები ცხვირის ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ. მიუხედავად იმისა, რომ გამოქვეყნებულ ფოტოსურათებზე პაციენტს თვალები დაფარული ჰქონდა, სახის სხვა მახასიათებლები მარტივად იძლეოდა მისი იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
უწყების ცნობით, ინფორმაციის სოციალურ ქსელში განთავსების უფლება ექიმს არ ჰქონდა სამედიცინო დაწესებულების მხრიდან და ის მოქმედებდა კლინიკისგან დამოუკიდებლად.
"საქმის შესწავლის ფარგლებში გამოვლინდა, რომ პაციენტმა (განმცხადებელმა), სამედიცინო ისტორიის გახსნისას, კლინიკის მიერ მისი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში განთავსებაზე წერილობითი თანხმობა განაცხადა. თუმცა, მოგვიანებით, ოპერაციის ჩატარებამდე, იმავე გზით (წერილობით) უარი თქვა ფოტოსურათების სარეკლამო მიზნით გამოყენებაზე.
ექიმის მიერ ვერ იქნა დასახელებული პაციენტის (განმცხადებლის) ფოტოსურათებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების კანონით გათვალისწინებული საფუძველი. იგი აპელირებდა პაციენტის (განმცხადებლის) თავდაპირველ თანხმობაზე, რომლის საფუძველზეც მისი ფოტოსურათები შეინახა კომპიუტერის იმ საქაღალდეში, სადაც განთავსებული ჰქონდა იმ პაციენტების ფოტოსურათები, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს მათი ფოტოსურათების სარეკლამო მიზნით გამოყენებაზე",-ნათქვამია განცხადებაში,
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყებამ ექიმს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე და 45-ე მუხლების პირველი პუნქტებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით 1000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.