"ამბობენის დონეზე არ უნდა ვიყოთ..." - პაპუაშვილი კრიმინოგენული ვითარების გაუარესებას უარყოფს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატები ამბობენ, რომ წინანდლის ტყეში მომხდარი უმძიმესი მკვლელობა, რის გამოც "ოცნების" ყოფილი დეპუტატი და ოლიმპიური ჩემპიონი ზვიად ზვიადაურია დაკავებული,  ქვეყანაში მძიმე კრიმინოგენული ვითარების შედეგი არ არის. 

შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ რიგი დანაშაულების სტატისტიკამ შესაძლოა მოიმატოს და შემდეგ დაიკლოს, ზოგადად კი მისივე მტკიცებით, კრიმინალური სტატისტიკის თვალსაზრისით, საქართველოში დადებითი ტენდენციაა. 

"ზურაბ ზვიადაურს გარდა იმისა, რომ დეპუტატი იყო, უფრო მაღალი ტიტულიც აქვს. რა თქმა უნდა, ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. აქ მთავარია, პოლიციამ გამოიძიოს ეს საკითხი და ვინც დამნაშავეა, არავის ხელი არ დაეფარება.

რაც შეეხება კრიმინოგენულ ვითარებას, აქაც ამბობენის დონეზე არ უნდა ვიყოთ. ეს ტალღა ასეთი ბრალდებების, რომ თითქოს, მდგომარეობა კრიმინალის კუთხით არის გაუარესებული, რამდენჯერმე ყოფილა და ყოველ ჯერზე მარტივად შეიძლება სტატისტიკების ნახვა, შედარება სხვადსხვა წლის ერთმანეთთან. არის რიგი დანაშაულების, რომელმაც შეიძლება, რაღაც პერიოდი მოიმატოს, შემდეგ დაიკლოს, რაც შეეხება კრიმინოგენულ სიტუაციას საქართველოში, სტატისტიკები არსებობს, შეგვიძლია, შევადაროთ და ნამდვილად აქ არის დადებითი ტენდენცია",- ამბობს შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, მკვლელობა კახეთში 16 აგვისტოს მოხდა. მოკულია სამი ადამიანი და დაჭრილია ორი. შსს-მ მომხდარზე დღეს, 17 აგვისტოს 2 პირი დააკავა. მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი