ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, საველე ჰოსპიტლები იმერეთსა და აჭარაშიც მოეწყობა.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ტექნიკური სამუშაოები უკვე დაწყებულია. მისივე თქმით, ამ ორ რეგიონზე ინფიცირების ყველაზე დიდი დატვირთვა მოდის.
"საველე ჰოსპიტალი, გარკვეულწილად, ჩვენთვის მზაობის და სარეზერვო რესურსის შექმნის შესაძლებლობაა. ამაზე მუშაობა დაწყებულია, როგორც აჭარაში, ისე იმერეთში, რადგან ის არის ორი დიდი რეგიონი, სადაც ყველაზე დიდი დატვირთვა მოდის. ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. ჯობია ჩვენ მზად ვიყოთ, ყველაზე ცუდი სცენარისთვის, ვიდრე მერე მოგვიხდეს ფორსმაჟორულ პირობებში გადაწყვეტილებების და მზაობის უზრუნველყოფა. მიმდინარე სამუშაოები პროცესშია, იმედია, არ დაგვჭირდება, იმიტომ რომ ჯერჯერობით ორივე რეგიონში არის იმის შესაძლებლობა, რომ დამატებითი საწოლფონდის მობილიზება მოხდეს, მაგრამ მზაობაზე მუშაობა მიმდინარეობს",- თქვა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, საქართველოში საველე ჰოსპიტლების მოწყობა 15 აგვისტოდან დაიწყო. ამ დროისთვის, თბილისში ორი საველე ჰოსპიტალია მოწყობილი, მათგან ერთ-ერთი დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ დარბაზშია, მეორე კი თბილისში, სამგორში, ტექნიკური გადამზადების ცენტრში.