მოძალადე პოლიციელები, რომლებმაც სოფელ ფერმაში ახალგაზრდას სცემეს, ისევ შსს-ში მუშაობენ

გამოქვეყნდა:

მოძალადე პოლიციელები, რომლებმაც სოფელ ფერმაში ახალგაზრდა კაცი სასტიკად სცემეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში მუშაობას ისევ აგრძელებენ. გენერალურ ინსპექციას კი, ამ დრომდე არ მოუხდენია რეაგირება პოლიციელების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რაც "მთავარი არხის" მიერ, ექსკლუზიურად მოპოვებული კადრებით დასტურდება.

ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. დაზარალებულის დედის თქმით, მასთან შვილზე მოძალადე 2 პოლიციელი იყო მისული და პატიება სთხოვეს, ამის შემდეგ კი სკოლის დირექტორი მივიდა, რომელიც "ქართულ ოცნებასთან" არის აფილირებული და უთხრა, რომ არ ეჩივლა. 

" პოლიციელებმა სცემეს და სამი თუ ოთხი იყვნენ. არავინ არ მოსულა, მარტო მოვიდნენ და შერიგდითო მითხრეს. მე ვუთხარი მე არ მინდა შერიგება-მეთქი, ჩვენი დეპუტატი იყო, 2 წელიწადია სკოლაში მუშაობს მასწავლებლად ",- ამბობს დაზარალებულის დედა. 

"ქართული ოცნების" მხარდამჭერი სკოლის დირექტორი შაქარ ისმაილოვი ამბობს, რომ მოძალადე პოლიციელებს არ იცნობს და არც ოჯახში მისულა შესარიგებლად. 

"იცვლებიან ხოლმე ხან მოდიან, ხან მიდიან არ ვიცი, ეგ საჩემო არ არის, მე არავის საქმეში არ ვერევი და არც მაინტერესებს. არც ჩავრეულვარ, არც არაფერი. ნათლია არი შეიძლება, მივიდე-მოვიდე სანახავად",- ამბობს ისმაილოვი. 

"ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რეგიონში კრიმინალია გამეფებული და მოძალადე პოლიციელებს არ სჯიან. ხოლო განათლების სამინისტროს დირექტორის საქმიანობით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. 

იურისტები ამბობენ, რომ "სისტემის ერთგული პოლიციელები არ ისჯებიან". მათი თქმით, "მთავარი არხის" კადრები უნდა გამხდარიყო მთავარი მტკიცებულება და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დროულ გამოძიებას სთხოვენ. "ადამიანის უფლებათა ცენტრი" მზად არის, რომ საქმე ადამიანის ევროპულ სასამართლოში წაიღოს.

ცნობისთვის, გომელაურის უწყებაში არანაირ განმარტებას არ აკეთებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი