
გენერალური პროკურატურა მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებს დაზარალებულის სტატუსს არ აძლევს. მთავარ საგამოძიოებო უწყებაში მიაჩნიათ, რომ ზუკა ბერძენიშვილის, სალომე ბარკერისა და მარიამ დოლიძის მიმართ 5 ივლისს დანაშაულის შედეგად ზიანის მიყენების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
პროკურატურის დადგენილებაში წერია, რომ: "მოცემული ეტაპისთვის არ არსებობს მტკიცებულებები, რომლითაც შესაბამისი სტანდარტით დადასტურდება, რომ მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი უშუალოდ დანაშაულის ჩადენის შედეგად მიადგათ ზურაბ ბერძენიშვილს, მარიამ დოლიძეს და სალომე ნიკოლეიშვილს".
თუმცა, ყველასთვის ცნობილია, რომ 5 ივლისს მოძალადე ჯგუფების ერთ-ერთი სამიზნე სწორედ მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისი იყო. მოწოდების შემდეგ, ძალადობრივმა დაჯგუფებებმა მოძრაობის ოფისს ალყა შემოარტყეს, მინები ჩალეწეს და ოფისის ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობდნენ. იმ დროს კი ოფისში მოძრაობის წევრები იმყოფებოდნენ.