ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში, Pfizer-ის მეორე დოზით ასაცრელად მისულ პირებს Sinopharm-ის ვაქცინა გაუკეთეს. ამის შესახებ მოქალაქე მარი ჭეიშვილი Facebook-ზე წერს და ამ ფაქტის დამადასტურებელ ფოტოებსაც აქვეყნებს.
ჯერ ერთი, საშინლად არეული და ცოცხალი რიგი დამხვდა ადგილზე მისულს, როცა წინასწარ დავრეგისტრირდი და ის დრო შევარჩიე, რომელიც მაწყობდა. ამ დროს ოთახიდან ისმის ხმა: “დღეს მხოლოდ “ფაიზერია” ქალბატონო, სხვა აცრა დღეს არ გვაქვს"... ექიმთან გავლილი კონსულტაციის შემდეგ მივედი ექთანთან, მეთქი გავიგე, თბილისში აერიათ ვაქცინები და შეიძლება ვნახო-მეთქი და კი, აი ნახე, თუ გინდა გადაიღეო. მანახა ფლაკონი, გადაჯღაპნილი ჰქონდა რაღაც, მე მივაწერე, მჭირდებოდაო და უკან ჩინური წარწერებია. ვეკითხები რატომ აწერია ჩინურად, წინაზე წავიკითხე "ფაიზერი"-მეთქი და არა, ეს არის “ფაიზერიო”, დღეს სხვა ვაქცინა არც გვაქვსო, “სინოფარმი” ორშაბათს და ოთხშაბათს არისო, დღეს პარასკევია და გავჩერდი. აცრის შემდეგ გადმოვჯექი ცოტა მოშორებით, მოდის ეს ექთანი, მაცივარი აქ არის, განახებ შეფუთვას, თუ გინდა გადაიღეო. თითქოს არც ვაპირებდი, მაგრამ გამიმზადა და გადავიღე. აწერია Beijing Institute of Biological Products. დავგუგლე და The Sinopharm vaccine is produced by Beijing Bio-Institute of Biological Products Co Ltd, subsidiary of China National Biotec Group (CNBG). ბეიჯინგის ინსტიტუტი აწარმოებს “სინოფარმსო”. შევუვარდი იმ ქალს, ავტეხე ერთი ამბავი. მე და ერთი კაცი ვიყავით მხოლოდ მეორე დოზაზე, დანარჩენები პირველ დოზაზე იყვნენ. მაცივრიდან გამოღებულ შეკვრას აკლდა 1 შეკვრა. არ ვიცი, შეკვრაში რამდენი ფლაკონია, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, ჩემამდეც ყველას “სინოფარმით” ცრიდნენ და “ფაიზერს” უწერდნენ - წერს მარი ჭეიშვილი.
მისივე თქმით, კლინიკის დირექტორი დაპირდა, რომ საკითხს პირად კონტროლზე აიყვანდა. ჭეიშვილმა ამ ეტაპზე არც ის იცის, ჩაითვლება თუ არა სრულად ვაქცინირებულად.
"ჯანდაცვაში დარეკეს, ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებაო. ორ კვირაში მობრძანდით, გაგიკეთებთ ანტისხეულებზე ტესტს და მერე გეტყვით ითვლებით თუ არა სრულად ვაქცინირებულადო. თუ არადა ისიც არ იციან ალბათ, რას იზამენ " - წერს ჭეიშვილი.
კლინიკაში ამბობენ, რომ ფაქტზე დაწყებულია მოკვლევა, თავად მედდას კი უფლებამოსილება შეუჩერდა.