საველე ჰოსპიტლების კოორდინატორის, რევაზ კუჭუხიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ჰოსპიტალში 88 პაციენტი მკურნალობს. მისი თქმით, პაციენტების გარკვეული ნაწილი ჟანგბადდამოკიდებულია. როგორც კუჭუხიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გუშინ, 22 აგვისტოს საველე ჰოსპიტლიდან 2 პაციენტი კლინიკაში გადაიყვანეს, მიზეზი თანმხლები დაავადებების გართულება იყო.
"საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 88 პაციენტი იმყოფება, საშუალო სიმძიმის პაციენტებია. გარკვეული ნაწილი ჟანგბადდამოკიდებულია. გუშინ მოხდა 2 პაციენტის რეფერირება პროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში. თანმხლები დაავადებების გართულება იყო და ამიტომ მოხდა მათი რეფერირება",-თქვა რევაზ კუჭუხიძე.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 60 ადამიანი.
დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 5 200 ადამიანი გამოჯანმრთელდა.