
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვისთვის ორი პირი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა ქ. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეიძინა და მეორე დაკავებულთან ერთად, ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით აჭარის ტერიტორიაზე გადაზიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით „OSCAR“-ის და „MAC“-ის დასახელების უაქციზო სიგარეტი.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 2 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 11 000 ლარს შეადგენს"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.