პანკისის 2 სოფელში სპეცრაზმელები დილის 6 საათზე ერთმანეთის პარალელურად გამოჩნდნენ. დუისსა და ქორეთში სპეცოპერაციის შედეგად 5 პირი დააკავეს. მაგამედ მაჩალიკაშვილი, ჰამზათ ბაღაკაშვილი, რამაზ ქავთარაშვილი, უსუფ ცათიაშვილი და რამაზ მარგოშვილი - 5-ივე ადგილობრივია, მათ ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედებათ.
სახლების ჩხრეკისას ამოიღეს და წაიღეს ბრალდებულების კუთვნილი ტელეფონები და პირადი კომპიუტერები.
სუს-ი პანკისში იარაღსა და საბრძოლო მასალას ეძებდა, თუმცა კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი ნახეს.
დაკავებულებს ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირს ედავებიან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პანკისში არ სჯერათ. ფიქრობენ, რომ ლილუაშვილის უწყებამ წინასაარჩევნოდ ისევ ძველი მეთოდები გაიხსენა და ხალხის დაშინება უკვე აპრობირებული ხერხით დაიწყო.
სუს-ში დღეს დაკითხვების სერია იყო. 5-ივე დაკავებული მოდულის შენობაში დღის პირველ ნახევარში შეიყვანეს. დაცვის მხარეს საქმის მასალები ჯერ არ გადასცემია. უცნობი რჩება, რა პოზიცია აქვთ დაკავებულებს.
თუ ლილუაშვილის უწყებას დავუჯერებთ, დაკავებულების წინააღმდეგ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები არსებობს და ის საქმის მასალებში ინახება. რა ჩანს ამ კადრებში ჯერ, უცნობია. ხვალ მოდულის შენობაში დაკავებულ 5 პანკისელს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.