დღეში 60 გარდაცვლილი , 6 000-მდე ახალი შემთხვევა, ორი საველე ჰოსპიტალი, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ჯანდაცვის სისტემა, მსოფლიოში ერთ-ერთი უარესი შედეგი პანდემიასთან ბრძოლაში და ქართული ოცნების არაადეკვატურობის მორიგი უფსკრული - ამ კატასტროფასთან გამკლავებისთვის საკოორდინაციო საბჭომ დღეს რესტორნების მუშაობა ერთი საათით შეამოკლა და საქართველო კოსოვოს საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივრის არშეშვება გადაწყვიტა.
ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები დღეს შეთანხმდნენ, რომ ამ ორი მარტივი ზომით, რასაც ემატება გაჩერებული ტრანსპორტი, სიკვდილიანობა და ვირუსის გავრცელება შემცირდება.
ხელისუფლების ოპონენტებიც, ბიზნესიც და მედიკოსებიც გაოგნებას ვერ მალავენ და ყველა დარწმუნებით ამბობს, რომ ვიდრე საკოორდინაციო საბჭო ნახევრად ეფექტური შეზღუდვებით ცდილობს ვითარების მართვას, სიკვდილიანობა ქვეყანაში არ შემცირდება და ტრაგედია სულ უფრო მასშტაბური გახდება.
კვლავ ღიად რჩება კითხვა - განახლდება თუ არა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში. განათლების სამინისტროს პასუხი არ აქვს, დაავადებათა კონტროლი კი ისევ რისკებზე საუბრობს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი