ჩაკეტვაზე ადვილი რა არის?! ვერც ამაში გვაჯობებენ, გვაქვს ამის გამოცდილება- პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში მერობის კანდიდატის წარდგენისას ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მკაცრი ლოქდაუნები მის გეგმებში არ შედის.
იმ ფონზე, რომ პანდემიას ყოველდღიურად 60-მდე ადამიანის სიცოცხლე ეწირება, პრემიერი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ლოქდაუნები "ხალხის საწინააღმდეგო იდეაა".
"როგორ შეიძლება, განვიხილოთ მკაცრი ლოქდაუნები? ის ადამიანები, რომლებიც 6 თვის წინ აგრესიულ კამპანიას აწარმოებდნენ, რომ გაგვეხსნა ეკონომიკა, დღეს გამოდიან, რომ ჩავკეტოთ ეკონომიკა. ჩაკეტვაზე ადვილი რა არის?! ვერც ამაში გვაჯობებენ, გვაქვს ამის გამოცდილება. მაშინ მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი, 24 საათში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაფერი გადავკეტეთ. ღამე აეწყო ყველა გამშვები პუნქტი და პოლიციასთან და სუს-თან ერთად, მთლიანად ჩვენ ვუწევდით პროცესს კოორდინაციას. ამაზე ადვილი რა არის?! რა უნდა რესტორნების და სასტუმროების დაკეტვას, ან სხვა საწარმოების, მაგრამ ეს არის გამოსავალი?! რა თქმა უნდა, არა, ეს არის მავნებლური, ჩვენი ხალხის საწინააღმდეგო იდეა და ე.წ შემოთავაზება. ამის ნაცვლად, ჩვენ გვჭირდება დაბალანსებული მიდგომა. ამას სჭირდება აქტიური ვაქცინაცია",- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.
58 გარდაცვლილი 24 საათში - დადასტურდა ინფიცირების 5 021 ახალი შემთხვევა - ასეთია დღევანდელი კოვიდსტატისტიკა.