საზოგადოებრივი ცენტრის აფეთქების ახალი დეტალები - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის მოსახლეობამ, აფეთქების ხმა, 23:00 საათზე, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე ერთი საათით ადრე გაიგო, როცა ქვეყანაში ჯერ კიდევ კომენდატის საათი მოქმედებდა.
ადგილობრივები იხსენებენ, რომ აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ხმა მთელმა სოფელმა გაიგო, თუმცა კომენდატის საათის გამო, გარეთ გამოსვლა ვერ გაბედეს. ისინი გურიაში გაზრდილ კრიმინალზე საუბრობენ და 90-იან წლებს იხსენებენ.
სოფელ კოხნარში აფეთქებულია საზოგადოებრივი ცენტრის შენობა, ჩამსხვრეულია მინები, დაზიანებულია ცენტრში არსებული ბანკომატი, რომელიც დამნაშავეების მთავარი სამიზნე იყო - "მთავარი არხის" ინფორმაციით, ბანკომატიდან რამდენიმე ათასი ლარია წაღებული. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.