"ობლად გაზრდილია, ძლივს გავზარდე. არ ვიცი რას ვიზამ" - პანკისში დაკავებულის დედა

გამოქვეყნდა:

ტერორიზმის საქმეზე დაკავებული 5 პირის ოჯახი წევრებს, ახლობლებსა და მეზობლებს სახელმწიფოს მიერ წაყენებული ბრალდების არ სჯერათ და ამბობენ, რომ  "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ მიზანმიმართულად ებრძვის პანკისელებს.

ერთ-ერთი დაკავებულის დედა კი "მთავარ არხს" უყვება, რომ მისი შვილი მთაში სამუშაოდ წასვლას აპირებდა. 

" ჩაიზე იყო წასული, ალბათ, იქ გადაიღეს ეს ვიდეო ბინაში. ჩემი ბიჭი დამნაშავე არ არის საერთოდ. ცხვარში წასვლას აპირებდა სამუშაოდ. მარტოკა არ უნდოდა წასვლა, რომ მოვლა არ იცოდა. ელოდებოდა, რომ ვიღაცა მაინც გამოჩნდეს სამუშაოდ. მაგრამ სირიაში წასვლას არ ელოდებოდა. 

ჩემს შვილს ტანსაცმელი არ ჰქონდა, ერთი მაიკა ჰქონდა და ერთი შარვალი, დროშა საერთოდ ხელში არ ჰქონია. სად წავიდოდა? სირიაში საერთოდ ომიც არ არის და რაზე წავიდოდა? ობლად გაზრდილია, ძლივს გავზარდე. არ ვიცი რას ვიზამ",- ამბობს დაკავებულის დედა. 

დაკავებულ 4 პირს გამოძიება ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირს, მეხუთეს კი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და მის ხელშეწყობას ედავება. 

ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ. პარალელურად, სუს-მა ოპერატიული მასალა გაავრცელა. ფარული ვიდეო, აუდიო და ფოტო მტკიცებულებებით ირკვევა, რომ დაკავებულები საქართველოს დატოვებას და სირიაში საბრძოლველად წასვლას გეგმავდნენ. ერთგულების ფიციც დადეს და სატელეფონო საუბრებში შენობის აფეთქების დეტალებს განიხილავდნენ. სად აპირებდნენ ტერაქტის მოწყობას - გაურკვეველია.

სპეცოპერაცია პანკისში, სოფელ დუისსა და ქორეთში 24 აგვისტოს ერთდროულად ჩატარდა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი