
თენგიზ ცერცვაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც არსენ ტოროსიანს ეხმაურება და ამბობს, რომ ტოროსიანის განცხადება "ღიმილისმომგვრელია" და სახელმწიფო თანამდებობის პირმა არაარგუმენტირებულ განცხადებები არ უნდა აკეთონ.
"...სულ ცოტა ღიმილისმომგვრელია (თუ სასაცილო არა) ბატონი მინისტრის განცხადება, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულ სისტემაზე ძლიერია. გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოში COVID 19-ით პაციენტების გამოვლენა და რეგისტრაცია ხდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, გამჭვირვალედ და მათი მაღალი სანდოობა ჯერ ეჭვქვეშ არ დაუყენებია არცერთ, აბსოლუტურად არცერთ საერთაშორისო ინსტიტუციას თუ ექსპერტს. ვფიქრობთ, ბატონმა მინისტრმა ან თავისი არაკორექტული (რბილად რომ ვთქვათ) შეფასებები უნდა დაასაბუთოს, ან სულ ცოტა თავისი განცხადების დეზავუირება მოახდინოს და ბოდიში მოიხადოს", - ნათქვამია ცერცვაძის განცხადებაში, რომელსაც ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს.
გავრცელებულ განცხადებაში თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ საქართველში მოქმედ ლუგარის ლაბორატორიაში ყველა კვლევა უმაღლეს დონეზე, ყველაზე მაღალი ხარისხის ტესტ-სისტემებით ტარდება, რაც ცდომილებას, ფაქტობრივად, გამორიცხავს.
"გავნმარტავთ, რომ საქართველოში ფუქნციონირებს რეგიონში ერთადერთი უნიკალური და უმაღლესი დონის„ლუგარის“ სახელობის ცენტრი, სადაც ყველა ლაბორატორიული კვლევა სრულდება უმაღლეს დონეზე ყველაზე მაღალი ხარისხის ტესტ-სისტემების გამოყენებით, რაც ყველანაირ ცდომილებას გამორიცხავს. არ გვგონია, რომ სომხეთს უკეთესი ლაბორატორია, მეთოდოლოგია და ტესტ-სისტემები ჰქონდეს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ქართველი სპეციალისტები არსენ ტოროსიანსა და ყველა დინტერესებულ პირს კოვიდ 19-თან ბრძოლის გამოცდილების გასაზიარებლად, საქართველოში ეპატიჟებიან.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობასთან დკავშირებით ეჭვი გამოთქვა.