გურამიშვილის გამზირზე 77 ოჯახი ახალი საფრთხის წინაშეა. ამ კორპუსში 2 თვის წინ მომხდარი ძლიერი აფეთქების გამო საცხოვრებელი ბინები თითქმის სრულად განადგურებულია. დღეს კი ადგილობრივებს უთხრეს, რომ 2 დღეში მათ უკან ავარიულ კორპუსში დაბრუნება მოუწევთ.
მოსახლეობა პანიკაშია, არ იციან, როგორ შეძლებენ საყრდენ ბოძებს შორის, ნახევრად ღია კორპუსში გადაადგილებას.
ნახევრად დანგრეული კორპუსის მცხოვრებლებმა დღეს აღმოაჩინეს, რომ მათი უკან შესახლება გამგეობამ თანხის დაზოგვის მიზნით გადაწყვიტა. აქამდე მათ ქირას რაიონის ბიუჯეტიდან უხდიდნენ. ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, გამგეობამ ქირით 77 ოჯახი გაიყვანა, ახლა კი მათ შენობის აღდგენამდე აბრუნებს.
კორპუსი ექსპლუატაციისთვის რომ საშიშია, ეს პირდაპირ წერია სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში. დოკუმენტი, რომელიც „მთავარმა არხმა“ დღეს მოიპოვა ამტკიცებს, რომ შენობა ავარიულია.
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საპირისპირო დოკუმენტი შეიმუშავა სამუშაოების მწარმოებელმა კომპანიამ. „არქი-ტრავი“ ამტკიცებს, რომ შენობა კონსტრუქციულად უსაფრთხო და საცხოვრებლად ვარგისია.
სწორედ „არქი-ტრავის“ კომპანიის დასკვნით იხელმძღვანელა მერიამ და გამგეობამ, თუმცა რატომ მოხდა სამხარაულის ექსპერტიზის იგნორირება, უცნობია. სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის დასკვნა აღმოჩნდა გაზგაყვანილობების შემოწმების დაწყების საფუძველი „თბილისი ენერჯისთვისაც“. გაზის კომპანიაში საფრთხეს ვერ ხედავენ და ვერც იმის პირობას დებენ, რომ ბუნებრივი მოსახლეობას ორშაბათიდან ექნება.
დაემორჩილება თუ არა მოსახლეობა გამგეობის მოთხოვნას, ან წავა თუ არა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დათმობაზე, ეს ორ დღეში გახდება ცნობილი. თუმცა, საცხოვრებელ სახლებში დაბრუნების შემთხვევაში მოსახლეობას კედლების ჩამონგრევის შიშით გამაგრებითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად მოუწევს.