"თბილისი დღეში 80 კაცს ვერ გაასვენებს" - ასე ჰქვია "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის, ნინო თარხნიშვილის სტატიას, რომელიც თბილისში კორონავირუსით გარდაცვლილთა ყოველდღიურად მზარდი მაჩვენებლის ფონზე, სარიტუალო მომსახურების ცენტრების პრობლემებს და კატაფალკების დეფიციტს აღწერს.
ნინო თარხნიშვილმა, "მთავარი არხის" გადაცემაში, "დღის სტუმარი", ვრცლად ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც, ბოლო პერიოდში სხვადასხვა სარიტუალო კომპანიები აღმოჩნდნენ.
თარხნიშვილი ყვება, რომ "რადიო თავისუფლებას" ერთ-ერთი ჭირისუფალი დაუკავშირდა, რომელსაც კატაფალკის მოძიება გაუჭირდა, ბოლოს კი ერთ-ერთ სარიტუალო კომპანიაში უთხრეს, რომ კატაფალკას მხოლოდ 20 წუთით, მოკლე მანძილზე გადასაადგილებლად გამოუყოფდნენ.
ამის შემდეგ, რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა მონაცემების გადამოწმება სხვა სარიტუალო კომპანიებშიც გადაწყვიტა. აღმოჩნდა, რომ ვითარება განსაკუთრებით ბოლო 10-14 დღეში დამძიმდა. ერთ-ერთი სარიტუალო კომპანიის წარმომადგენელმა კი მას უთხრა, რომ თუ სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ დაიკლებს "თბილისი დღეში 80 კაცს ვერ გაასვენებს".