ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ პანდემიის დასრულების ერთადერთი, სწორი და მეცნიერულად გამართლებული გზა საყოველთაო ვაქცინაცია და მოსახლეობის იმუნური პასუხის სწრაფი სინქრონიზაციაა.
"დღეს არსებული ავტორიზებული ვაქცინები უსაფრთხოა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებელი დრამატულად აღემატება ნებისმიერ თეორიულ, შორეულ, პოტენციურ ზიანს. არსებობდა გარკვეული მოსაზრება ვაქცინების მოსალოდნელ არასასურველ ეფექტთა საფრთხეებზე, რაც დღეს ადმინისტრირებული 5 მილიარდზე მეტი ვაქცინის და ფართომასშტაბიანი კვლევის საფუძველზე სრულიად ნიველირდა და ყველა კითხვას ამ მიმართულებით გაეცა მეცნიერულად დასაბუთებული, მყარი პასუხი;
ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევების, ასევე თეორიული ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ დღეს გამოყენებული კოვიდ- ვაქცინები არ იწვევენ ADE (ანტისხეულებით განპირობებულ დაავადების გაძლიერების) რეაქციას", - ნათქვამია განცხადებაში.
ასოციაცია ემხრობა თვითგამოხატვის უფლების შენარჩუნებას და ამავდროულად, გამოთქვამს ნებას და სურვილს, სამეცნიერო- პრაქტიკული დისკუსიები წარიმართოს პროფესიულ წრეებში, რათა შინაარსისა და მიზნის შესაძლო არასწორი აღქმით, საფრთხე არ შეექმნას ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს და უფრო მეტად არ დაზიანდეს ისედაც, მრავალი მიზეზით განპირობებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება.