5-6 ივლისი, 19-20 ივნისი, წყლის ჭავლი, გადამეტებული ძალა და ძალადობა - HRC-ს ანგარიში

გამოქვეყნდა:

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ზოგიერთ შემთხვევაში, სახელმწიფო სახელისუფლებო ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით დაუბრკოლებელი სარგებლობა. ორგანიზაცია წერს, რომ იყო შეკრების მონაწილეთა წინააღმდეგ გადამეტებული, განურჩეველი ძალის გამოყენების შემთხვევები.

გარდა ამისა, არასამთავრობოს შეფასებით, მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება არაპროპორციულად შეიზღუდა საქართველოში კორონავირუსის პანდემიის სხვადასხვა ეტაპზეც.

"ხელისუფლებამ, გასული წლების მსგავსად, კვლავ არ უზრუნველყო ლგბტქ+ ადამიანებისა და მათი მხარდამჭერების მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება სასურველ დროსა და ადგილზე, რამაც სავალალო შედეგები მოიტანა. ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ განხორციელებულ მასობრივ ძალადობას 5 და 6 ივლისს სახელმწიფომ მკვეთრად მწირი საპოლიციო რესურსი დაუპირისპირა, რის შედეგადაც უპრეცედენტო რაოდენობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის - 53 ჟურნალისტი და ოპერატორი",- აღნიშნულია ანგარიშში.

ორგანიზაცია წერს, რომ გასულ წლებში რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც სამართალდამცავებმა შეკრების მონაწილეები სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე წინასწარ არ გააფრთხილეს, მიუხედავად იმისა, რომ სახეზე არ იყო პირის ან/და პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მყისიერი საფრთხე.

"ასეთ შემთხვევას წარმოადგენდა წყლის ჭავლის გამოყენება აქციის მონაწილეთა ნაწილის წინააღმდეგ 2020 წლის 8 ნოემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის წინ. სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ სამართალდამცავ პირებს სათანადო ფორმით გაფრთხილება არ განუხორციელებიათ არც 2019 წლის 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის დაშლამდე. მაშინ, როცა პოლიცია ხშირად იყენებს გადამეტებულ ძალასა და სპეციალურ საშუალებებს იმ შეკრებების წინააღმდეგ, რომლებიც კრიტიკულ პოლიტიკურ შეხედულებებს გამოხატავენ მოქმედი ხელისუფლების მიმართ, პოლიცია უფრთხის ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებას ულტრამემარჯვენე ძალადობრივი ჯგუფების მიმართ, რომლებიც მასობრივ ძალადობას მიმართავენ ლგბტქ+ თემის წევრების, მათი მხარდამჭერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ",- აღნიშნულია ანგარიშში.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" კიდევ ერთ პრობლემურ ტენდენციად პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ ადმინისტრაციული დაკავებების აქტიური გამოყენებას ასახელებს.

ორგანიზაცია რეკომენდაციით მიმართავს პარლამენტს - "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილება შევიდეს. არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე საქართველოს მთავრობას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება უზრუნველყოს თანაბრად, საზოგადოების ყველა წევრისთვის.

ასევე, ორგანიზაცია გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს, ჩატარდეს გამჭვირვალე, მიუკერძოებელი, დაუყოვნებლივი და ყოვლისმომცველი გამოძიება 2021 წლის 5 ივლისს ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ჩადენილი მასობრივი ძალადობის აქტებთან დაკავშირებით:

  • "მოხდეს ყველა დამნაშავე პირის დადგენა და პასუხისგებაში მიცემა, მათ შორის - დაისაჯონ ძალადობის უშუალო შემსრულებლები და თანამონაწილეები, როგორიც არიან ორგანიზატორები, წამქეზებლები და დანაშაულის ჩადენაში დამხმარე სხვა პირები;
  • ჩატარდეს ყოვლისმომცველი და ეფექტური გამოძიება სამართალდამცავი პირების, მათ შორის, მაღალჩინოსანთა ქმედებების მიმართ, 5-6 ივლისს დანაშაულის პრევენციისა და მასზე რეაგირების ზომების მიუღებლობასთან დაკავშირებით;
  • 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის დაშლისას ძალის გადამეტებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით დადგინდეს სამართალდამცავი სტრუქტურის ბრძანების გამცემი მაღალჩინოსანი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი. დადგინდეს ის რიგითი პოლიციელები, რომლებმაც შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ გაუმართლებლად გამოიყენეს რეზინის ტყვიები;
  • ჩატარდეს ყოვლისმომცველი და ეფექტური გამოძიება სამართალდამცავი პირების ქმედებებთან მიმართებით 2020 წლის 8 ნოემბერს ცესკოს შენობასთან შეკრებილი მომიტინგეების წყლის ჭავლის გამოყენებით გაუმართლებელ დაშლასთან დაკავშირებით".
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი