100 ათას ლარიანი გირაო მსოფლიო 27-ე ჩოგანს და შემაკავებელი ორდერი სპორტსმენის მამას - ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობის შეფარდების შესახებ და ცნობილი ჩოგბურთელი სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ნიკოლოზ ბრასილაშვილს პროკურატურა არასრულწლოვნის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ძალადობას ედავება. პროკურორის თქმით, ინციდენტში სპორტსმენის მამაც მონაწილეობდა, თუმცა ბრალდების მხარის მტკიცებით, თავად დაზარალებული ყოფილი მამამთილის მხრიდან ძალადობას უარყოფს.
სასამართლო არ დაგვეთანხმა იმ გარემობაში, რომ არსებობდა მაღალი რისკები, რომ ჩადენილიყო ახალი დანაშაული, თუმცა ეს არეცრთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ სასამართლომ ჩათვალა, რომ მტკიცებულებები არ არსებობდა. ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების შინაარსზე, ბუნებრივია, ვერ ვისაუბრებ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.
ფაქტს, რომ მამას გამოწერილი აქვს შემაკავებელი ორდერი ვადასტურებთ, თუმცა მამის მხრიდან ფიზიკური ძალადობის განხორციელებას თავად დაზარალებულიც არ მიუთითებს ამ ეტაპზე, - აცხადებს პროკურორი.
ბრალდებულის ადვოკატის, ირმა ჭკადუას თქმით, ბასილაშვილის მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია, რასაც მოსამართლის გადაწყვეტილებაც მოწმობს.
თავად ნიკოლოზ ბასილაშვილს მედიასთან ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნეკა დოყორაშილი მომხდართან დაკავშირებით პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს.
საქმეზე გამოძიება 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მის ოჯახის წევრზე ძალადობას გულისმობს. მომდევნო სასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.