ბავშვებში შემთხვევების უდიდესი ნაწილი მსუბუქია, მათი მართვა შესაძლებელია ბინაზეც - გაბუნია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ბავშვების უდიდეს ნაწილში კორონავირუსის შემთხვევები მსუბუქად მიმდინარეობს და მათი მართვა ბინაზეც შესაძლებელია. გაბუნიამ აღნიშნა, რომ ჰოსპიტალური სექტორი ამ ეტაპზე პაციენტების რაოდენობას უმკლავდება.

"ბავშვებში შემთხვევების უდიდესი ნაწილი მაინც არის მსუბუქი, საშუალო სიმძიმის და მათი მართვა წარმატებით არის შესაძლებელი ბინაზეც" - თქვა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, გარდაცვლილ და ჰოსპიტალში მყოფ ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა ვაქცინირებული საერთოდ არაა.

"ჰოსპიტალში მოხვედრილი პირების უდიდესი ნაწილი არის არავაქცინირებული, მათ ვაქცინაცია არ ჩატარებიათ არც ერთი და არც ორი დოზით. ასევე, გარდაცვლილი პირების უდიდესი ნაწილიც არის არავაქცინირებულ პირებში.

რაც შეეხება ასაკობრივ სტრუქტურას - გასულ ტალღებთან მიმართებით მიმდინარე ტალღაში ასაკობრივ სტრუქტურაში განსხვავებას ვერ ვხედავთ. ისევ დომინანტური რჩება გარდაცვალების შემთხვევები მაღალ ასაკობრივ ჯგუფში, 70 წელს ზემოთ ასაკში. სხვა ასაკობრივ ჯგუფებში გარდაცვალება საბედნიეროდ ერთეულია", - თქვა მან. 

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 3 034 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 86 ადამიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი