"პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის" დირექტორი, ლევან რატიანი ამბობს, რომ კოვიდინფიცირებული პაციენტების დამძიმების შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. მან თქვა, რომ კრიტიკული პაციენტების უმრავლესობა კლინიკას გამოჯანმრთელებული ტოვებს.
მისივე თქმით, ზოგადად კლინიკაში საკმაოდ ბევრი მძიმე პაციენტი ჰყავთ.
"ჩვენდა საბედნიეროდ, ამ კრიტიკული პაციენტების უმეტესობა ჯანმრთელდება, ეწერებიან გამოჯანმრთელებული კლინიკიდან, ისე არ არის, რომ რეანიმაციაში კოვიდმძიმე პაციენტი მოხვდება და ის ვერ გავა, ეს არის ცრუ, არ ვიცი ვის აწყობს ამის თქმა, რატომ ძაბავს მოსახლეობას...
ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენი კლინიკა ემსახურება ყველაზე მძიმე და კრიტიკულ პაციენტებს, როგორც ახალშობილებს, ისე ორსულებს და ლეტალობის ინდექსი, ჩვენდა საბედნიეროდ, გაგვაჩნია 5,1%. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია. მაგრამ ამაში იგულისხმება, რომ იმის მიუხედავად, რომ ექიმებმა ყველაფერი გავაკეთეთ, პაციენტები გვეღუპებოდნენ იმიტომ, რომ დგებოდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობა, რისი მართვაც ექიმებს არ შეგვეძლო. იმის თქმა, რომ კოვიდ-19-ის მძიმე პაციენტები მასიურად იღუპებიან ჩენ ქვეყანაში, ეს არის მცდარი"- თქვა ლევან რატიანმა.
რატიანის თქმით, იმედოვნებენ, რომ ძალიან მალე ლეტალობის ინდექსი ქვეყანაში დაიკლებს. მან აღნიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსის მართვის მოქმედი პროტოკოლი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ეფუძნება და მასში ცვლილებები პარალელურად ხდება.
რატიანმა თქვა, რომ თუ ვინმეს იმაზე მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე კლინიკური ჯგუფის წევრებს, დანაშაულიც კია, თუ არ უზიარებენ.