სახალხო დამცველი ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის შესწავლას იწყებს

გამოქვეყნდა:

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ყოფილი მეუღლის მიმართ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, სავარაუდო ძალადობრივი ქმედებების გამოძიების საქმის შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

ლომჯარია დაზარალებულს მხარდაჭერას უცხადებს და სახელმწიფო უწყებებს მისი დაცვისკენ მოუწოდებს.

მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო დაზარალებულ ქალს! მოვუწოდებ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა იგი დაცული იყოს როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქოლოგიური ძალადობისაგან! 

მოვუწოდებ მედია საშუალებებს, თემის მგრძნობელობიდან გამომიდნარე, გაშუქებისას მაქსიმალურად დაიცვან შესაბამისი სტანდარტები!, - ვკითხულობთ ლომჯარიას განცხადებაში.

დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე ნიკოლოზ ბასილაშვილი 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ნიკოლოზ ბრასილაშვილს პროკურატურა არასრულწლოვნის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ძალადობას ედავება. შემაკავებელი ორდერი არის გამოწერილი სპორტსმენის მამაზეც. პროკურორის თქმით, ინციდენტში ისიც მონაწილეობდა, თუმცა ბრალდების მხარის მტკიცებით, თავად დაზარალებული ყოფილი მამამთილის მხრიდან ძალადობას უარყოფს. 

ნიკოლოზ ბასილაშვილს მედიასთან ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნეკა დოყორაშილი მომხდართან დაკავშირებით პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს. 

ბასილაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტის მიხედვით, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრზე ძალადობას გულისხმობს.  

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი