ხელისუფლებამ მიუშვა პანდემია თვითდინებაზე და ფონს ექიმების პირადი გმირობისა და გამძლეობის ხარჯზე გავდივართ, რასაც ბუნებრივია, თავისი ლიმიტი ექნება - ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს ეპიდვითარებაზე განცხადება პარტია "დროას" წარმომადგენელმა ბათუ ქუთელიამ გააკეთა.
ქუთელიამ პანდემიასთან დაკავშირებით ხელისუფლებას კონკრეტულ კითხვებზე პასუხები მოსთხოვა.
"პირველი, რამდენი ხელოვნური სუნთქვის აპარატია, სად არის გეოგრაფიულად განაწილებული, რა არის მათი გამოყენების დონე და რა რეზერვი აქვს ხელისუფლებას, ან საიდან აპირებენ დამატებით მოცულობის გაზრდას. მეორე კითხვაა -რამდენი ვაქცინაა ხელმისაწვდომი და რა პერიოდში ამოიწურება მარაგი. თუ არის გეგმა საიდან და რა რაოდენობის ვაქცინას მივიღებთ თუ არის გეგმა. მესამე მნიშვნელოვანი საკითხი მედიკამენტის საკითხი - კოვიდპაციენტებს კონკრეტული მედიკამენტები სჭირდებათ, რომელთა ფასიც კატასტროფულად იზრდება. რა წამლებია, რამდენად ხელმისაწვდომია და რა მარაგებია, და ბოლოს ჟანგბადის პრობლემა, რა გეგმა აქვს ხელისუფლებას, რომ დეფიციტი არ შეიქმნას და მას გაზრდილი მსხვერპლი არ მოჰყვეს",- თქვა ბათუ ქუთელიამ.
საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი, ვილი პაჭკორია, ამბობს, რომ მოსახლეობამ კონკრეტული პასუხები უნდა მიიღოს.
"დროა ვიცოდეთ ჯანდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკებისგან რატომ არ მომზადდა პირველადი ჯანდაცვის სექტორი სათანადოდ, დროა, ვიცოდეთ რამდენი მობილური ჯგუფები მუშაობს მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში, დროა, ვიცოდეთ რა რაოდენობის ვაქცინებს ველოდებით. და ბოლოს, დროულად გამკაცრდეს საზღვარზე რეგულაციების კონტროლი",- ამბობს ვილი პაჭკორია.
ცნობისთვის, კიდევ 83 გარდაცვლილი და 2 684 ინფიცირებული - ასეთია განახლებული სტატისტიკა.