საგანგებო მდგომარეობის დროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაწერილი ჯარიმების საერთო ოდენობამ 22.5 მილიონ ლარს გადააჭარბა.
კომენდანტის საათის, მანქანით გადაადგილებისა და დისტანციის დაცვის წესების დარღვევისთვის 7,500-მდე ფიზიკური პირი და 18 ორგანიზაცია დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორი" აქვეყნებს.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შერჩევით სამართალზე საუბრობენ. მათი თქმით, სახელწიფოს დაწესებული რეგულაციები ყველა პირზე თანაბრად არ გავრცელებულა და იყო შემთხვევები, როდესაც ყოფილი თანამდებობის პირები {საუბარია ყოფილ მთავარ პროკურორ ირაკლი ფარცხალაძეზე} წესების დაცვის გარეშე გადაადგილდებოდნენ. ასევე მათი განცხადებით, უბრალო მოქალაქეები, რომლებმაც ეპიდემიის გამო ისედაც დაკარგეს შემოსავლები, გამონაკლისის გარეშე ჯარიმდებოდნენ 3 ათას ლარიანი ჯარიმით.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ მათ ორგანიზაციას საკმაოდ ბევრმა მოქალაქემ მიმართა. საია-ს იურისტის შორენა ლოლაძის თქმით, თუ მოქალაქე არ ეთანხმება მის მიმართ მიღებულ ადმინისტრაციული სამართალდამცავი დარღვევის ოქმს, მას შეუძლია აღნიშნული დადგენილება სასამართლოში გაასაჩივროს.