რაჭის სეისმურ რეგიონში ჰესის მშენებლობას შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოყვეს - პროტესტი გრძელდება

გამოქვეყნდა:

ონის კასკადის გარშემო აგორებულმა პროტესტის ტალღამ დღეს ქუჩაში გადაინაცვლა. საპროტესტო აქცია კანცელარიის წინ ჩატარდა.

გარემოს დაცვის სამინისტრომ მშენებელი კომპანიისთვის რამდენჯერმე შენიშვნებით უკან დაბრუნებული პროექტი 17 მარტს დაამტკიცა - ეს ის პერიოდია, როდესაც მთელი ქვეყანა კორონავირუსთან ბრძოლით არის დაკავებული.  

ბუნებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით, ამ პროექტთან დაკავშირებით კვლევები ბოლომდე არ არის ჩატარებული და ეკოლოგიურ და ბიოლოგიურ პროცესებთან ერთად, მთავარ პრობლემას რაჭის რეგიონის აქტიური სეისმურობა ქმნის. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე მთავარ პრობლემად ტერიტორიისა და ქანების შეუსწავლელობას ასახელებს. მისი თქმით, მშენებელ კომპანიას სეისმური ტომოგრაფია მაინც უნდა გაეკეთებინა.  

სპეციალისტების მტკიცებით, რაჭაში სეისმური პრობლემები ლაჯანურ ჰესის მშენებლობის შემდეგ დაიწყო და რაჭის მიწისძვრაც ამ დროს მოხდა. შესაბამისად, არავინ იცის, რას გამოიწვევს ამ ტერიტორიაზე ახალი ჰესის მშენებლობა. მით უფრო, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დასკვნაში არ ჩანს, რა დაემართება ღვარცოფული მდინარეების პრობლემას, თუკი მათ რიონი აღარ გაიტანს.

ბოლო პერიოდში სახელმწიფოს მიერ დაცული ტერიტორიების საზღვრების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებში ამოგლეჯილია ამ ტერიტორიების მთავარი მდინარეები, მაგალითად, როგორიც იყო მაჭახელას პარკის შემთხვევაში მდინარე მაჭახელა, ფშავ-ხევსურეთის ნაკრძალში მდინარე არაგვი, რომელიც იქ მთლიანად ვერ მოხვდა და რაჭის შემთხვევაში მდინარე რიონი. 

გარემოს დაცვის სპეციალისტები სვამენ კითხვას, ეყოფა თუ არა მდინარე რიონს დარჩენილი სიმძლავრე ხეობის ცხოველქმედების უზრუნველყოფისთვის. 

დარგის ექსპერტების თქმით, ქვეყანაში ბევრი ჰესია, რომელთა გარემონტება-გადაიარაღებაც აღარ ხდება და შესაძლებელია, მათ გარემონტებასა და სრული სახით დატვირთვაზე ფიქრი უმჯობესი იყოს ახალი ჰესების, მით უმეტეს, რთულ და სეისმურად მძიმე ზონებში მშენებლობაზე.

მთავრობის წარმომადგენლები ყველას, ვინც ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგება, ქვეყნის მოღალატეს ეძახიან.

კითხვები არსებობს პროექტის შეტანის თარიღთან დაკავშირებით, რადგან პროექტის შეტანიდან რამდენიმე დღეში ძალაში შევიდა ევროკავშირის ჩარჩო-ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც მსგავსი პროექტების განხილვას შეუძლებელს გახდიდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2000 წლიდან გარემოს მსოფლიო ორგანიზაცია ცალსახად აღნიშნავს, რომ გლობალური დათბობის ეპოქაში მდინარეები და მტკნარი წყლები XX საუკუნეში აკეთებდა აღდგენას, მაგრამ თანამედროვე გლობალურ პირობებში მათი აღდგენა ვეღარ მოხდება.

ავტორები: დავით აბრამიშვილი, გოგა გოგელაშვილი, გიორგი ფაილოძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი