დავით კეზერაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

დავით კეზერაშვილისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯას პროკურატურა საგანგებო განცხადებით ეხმაურება:

"დადგინდა, რომ 2008 წლის 10 იანვარს საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დ.კ.-მ, მასთან დაკავშირებული პირის - მისი მეგობრის ო.შ.-ს და ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის სასარგებლოდ თანხების გაფლანგვის მიზნით, ყოველგვარი საფუძვლისა და კომპანიის შემოწმების გარეშე, გამოსცა ბრძანება ხსენებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. მანვე, სიტყვიერად დაავალა, მასთან დაახლოებულ პირს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის იმჟამინდელ უფროსს ა. ნ.-ს, კომპანიის წარმომადგენელთან ხელშეკრულების უპირობოდ, სასწრაფოდ, ყოველგვარი შემოწმების გარეშე, იმავე დღეს გაფორმება.

აღნიშნული დავალება შესრულებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების მოთხოვნების უხეში დარღვევით, კერძოდ, მან, იურიდიული პირის შეუმოწმებლად, შეთავაზებული მომსახურეობის საბაზრო ღირებულების შეუსწავლელად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სათანადო დეპარტამენტებთან შეუთანხმებლად და საბანკო და სხვა სახის გარანტიების მოთხოვნის გარეშე, ასევე „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ნებართვის არარსებობის მიუხედავად, იმავე დღეს, 2008 წლის 10 იანვარს, კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფების გეგმიური საბრძოლო მომზადების შესახებ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 5 685 000 ევროს ოდენობით, საიდანაც, დ.კ.-ს დავალებით 5 060 000 ევრო გადაირიცხა კომპანიის ანგარიშზე, ხოლო კომპანიის მხრიდან სანაცვლოდ შესასრულებული ვალდებულება - სამხედრო წვრთნების ჩატარება - საერთოდ არ განხორციელებულა, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით კეზერაშვილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ასევე, 3 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.

სასჯელი, 2012 წლის 29 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე განახევრდა და საბოლოოდ დ.კ.-ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 წლით და 6 თვით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

უზენაესი სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს კეზერაშვილი დღეს, 7 სექტემბერს Facebook-ზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ის გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი