შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 40-დღიანი ძებნის შემდეგ, ავსტრალიის მოქალაქის, შანე ბრუკის მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა.
როგორც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახა მურადაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.
"ჩატარდა რამდენიმე ასეული საგამოძიებო მოქმედება. გამოიკითხა 200-ზე მეტი პირი, მათ შორის გარდაცვლილი ქალის მეგობრები, თანამშრომლები, მეზობლები, დანაშაულის დღეს მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე მყოფი და იქ დასაქმებული პირები. მათგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დამნაშავე პირის იდენტიფიცირების მიზნით, შეიქმნა ფოტორობოტი, რომელიც გაეგზავნა ყველა ოპერატიულ დანაყოფს.
შესწავლილ იქნა შანაი ბრუკის გადაადგილების მარშრუტები და დათვალიერდა შემთხვევის დღეს შანაი ბრუკის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერები, ასევე, შემთხვევის ადგილის, მისი დროებითი საცხოვრებელი სახლისა და მთაწმინდის პარკის მიმდებარე ქუჩებზე განთავსებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - „112“-ის და კერძო ობიექტების კუთვნილი რამდენიმე ათეული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები", - თქვა მურადაშვილმა.
მან ასევე საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობისა და სამართლებრივი დახმარების ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა:
"დისტანციურად გამოკითხულ იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი, შანაი ბრუკის მეგობარი, რომელთანაც შანაი ბრუკს გარდაცვალებამდე ჰქონდა კომუნიკაცია, სოციალური ქსელის მეშვეობით. ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული, სავარაუდო დამნაშავის ბიოლოგიური კვლები, დნმ-ის ბაზებთან შედარების მიზნით, გადაგზავნილ იქნა ინტერპოლის წევრ 194 სახელმწიფოში.
აღნიშნულ დანაშაულთან სავარაუდოდ შემხებლობაში მყოფი რამდენიმე ათეული პირისგან აღებულ იქნა ბიოლოგიური ნიმუშები, რომლებზეც დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზები. მოხდა თითოეული მათგანის დეტალური გამოკითხვა, მათ მიერ გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაცია ალიბები, თუ სად იმყოფებოდნენ შანაი ბრუკეს გარდაცვალების დროს, გადამოწმდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებით. კომპლექსური და მრავალმხრივი საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მინიმუმამდე შემცირდა ზემოთ აღნიშნულ პირთა წრე, ხოლო, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით, უტყუარად დადასტურდა ბრალდებულის ვინაობა", - თქვა კახა მურადაშვილმა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შანაი ბრუკი მთაწმინდის ფერდობზე ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს და სასტიკად მოკლეს. მისი ცხედარი თბილისში 31 ივლისს იპოვეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, კადრები კი, სადაც ქალის ცხედარზე ფიზიკური ძალადობის კვალი ჩანს, "მთავარი არხის" დრონებმა გადაიღო. როგორც ამ კადრებში ჩანდა, ქალს თავი ჰქონდა გაჩეხილი და გაძარცვული იყო. მისი მეგობრების თქმითაც, ბოლო საუბრის დროს ბრუკი ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა.
ცნობილია, რომ შანე ბრუკი საქართველოში დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ქართველ ბავშვებს ინგლისურს ასწავლიდა. როგორც მისი სოციალური ქსელებიდან ირკვევა, ის საქართველოზე იყო შეყვარებული, მოგზაურობდა ყველგან და ამის ამსახველ ფოტოებსაც აქტიურად აქვეყნებდა.