
გენერალურმა პროკურატურამ ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობისთვის დაკავებულ რაფაელ მურსაკულოვს ბრალდება წარუდგინა.
მურსაკულოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს წარდგენილი:
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რაფაელ მურსაკულოვს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ბრალდებული შანაი ბრუკს ყაჩაღურად, პირადი ნივთების დაუფლების მიზნით დაესხა თავს, ხოლო მას შემდეგ, რაც მსხვერპლმა წინააღმდეგობა გაუწია, ანგარების მოტივით, მისი მოკვლა გადაწყვიტა.
"ბრალდებულმა შანაი ბრუკს დანით კისრის არეში მიაყენა დაზიანება და გაგუდა. ამის შემდეგ იგი მსხვერპლის პირად ნივთებს დაეუფლა და დანაშაულის კვალის დაფარვა სცადა, ცხედარს ხის ტოტები დააფარა, დანაშაულის იარაღი - დანა მიმდებარე ტერიტორიაზე გადააგდო და ადგილიდან მიიმალა.
გამოძიების პროცესში ჩატარდა რამდენიმე ასეული საგამოძიებო მოქმედება. გამოიკითხა 200-ზე მეტი პირი, მათ შორის გარდაცვლილი ქალის მეგობრები, თანამშრომლები, მეზობლები, დანაშაულის დღეს მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე მყოფი და იქ დასაქმებული პირები. საქმის მოწმეებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დამნაშავე პირის იდენტიფიცირების მიზნით, შეიქმნა ფოტორობოტი, რომელიც გაეგზავნა ყველა ოპერატიულ დანაყოფს.
შესწავლილია შანაი ბრუკის გადაადგილების მარშრუტები და ამოღებულია ასევე, შემთხვევის ადგილის, გარდაცვლილის დროებითი საცხოვრებელი სახლის და მთაწმინდის პარკის მიმდებარე ქუჩებზე განთავსებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - „112“-ის და კერძო ობიექტების კუთვნილი რამდენიმე ათეული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი. დანიშნულია დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური, ბიოლოგიური და გენეტიკური ექსპერტიზები.
გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, სამართალდამცავებმა 8 სექტემბერს რ.მ. დააკავეს.
პროკურატურა სასამართლოს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს“, - განაცხადეს პროკურატურაში.
შეგახსენებთ, შანაი ბრუკის ცხედარი თბილისში 31 ივლისს იპოვეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, კადრები კი, სადაც ქალის ცხედარზე ფიზიკური ძალადობის კვალი ჩანს, "მთავარი არხის" დრონებმა გადაიღო. როგორც ამ კადრებში ჩანდა, ქალს თავი ჰქონდა გაჩეხილი და გაძარცვული იყო. მისი მეგობრების თქმითაც, ბოლო საუბრის დროს ბრუკი ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა.
ცნობილია, რომ შანე ბრუკი საქართველოში დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ქართველ ბავშვებს ინგლისურს ასწავლიდა. როგორც მისი სოციალური ქსელებიდან ირკვევა, ის საქართველოზე იყო შეყვარებული, მოგზაურობდა ყველგან და ამის ამსახველ ფოტოებსაც აქტიურად აქვეყნებდა.