
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) მოქალაქეებს, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკანონო ჩანაწერებში ფიგურირებენ, იურიდიულ დახმარებას სთავაზობს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ GDI მზადაა, დაეხმაროს ნებისმიერ პირს ინდივიდუალური განცხადების მომზადებაში და გაუწიოს კონსულტაცია.
"როგორც ცნობილი გახდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ათასობით ფაილში ფიგურირებს არაერთი ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი და სხვა პირი, რომელთა მიმართაც მიმდინარეობდა ფარული მიყურადება და მოსმენა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის თანახმად დასჯადია პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა. ამასთან 158-ე მუხლის თანახმად პასუხისმგებლობის საფუძველია კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევაც. შესაბამისად, გავრცელებული მასალა, რომლის მოპოვებაც დიდი ალბათობით სწორედ უკანონოდ მოხდა, გამოძიების დაწყების საფუძველია", - ნათქვამია GDI-ს განცხადებაში.
ცნობისთვის, 13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს.
ამასთან, პირის ვინაობა, რომელმაც სუს-იდან დაშიფრული ფაილები გამოიტანა, "მთავარმა არხმა" იმავე დღეს დაადგინა. ფაქტები ადასტურებს, რომ სუს-ის გასაიდუმლოებული კრებსების გავრცელების მიღმა, დიდი ალბათობით ლილუაშვილის უწყების სპეციალური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლი აკაკი ნემსაძე დგას. ადამიანმა, რომელმაც წლები გაატარა სუს-ში, საბოლოოდ ამხილა დანაშულებრივი სისტემა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.