„მთავარმა“ თაღლითური სქემა გაშიფრა - SKY BAR-ში, რომელსაც კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი მფარველობს, ტურისტებს არეკეტებენ

გამოქვეყნდა:

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანი შავი ბიზნესშია ჩართული და ღამის კლუბს ფლობს. ამირან გუმბერიძეს „სქაი ბარი“ მამის სახელზე აქვს გაფორმებული და ოფიციალურად კლუბს გუმბერიძის ბიძაშვილი მართავს. მეტეხის ქუჩის 22 ნომერში თავადაც თითქმის ყოველდღე დადის, ამას ვერც „მთავარ არხთან“ უარყოფს.

კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანი შავი ბიზნესი, რეალურად ტურისტების რეკეტია, ამას ადასტურებს, საქართველოში ჩამოსული ათობით უცხოელი ტურისტის განცხადება. ინტერნეტ პორტალებზე, ჩვენი ქვეყნის სტუმრები ერთმანეთს აფრთხილებენ, რომ „სქაი ბარის“ თაღლითურ სქემაში არ მოხვდნენ.

ტურისტების მონათხრობის გადამოწმება „მთავარმა არხმა“ საკუთარი ექსპერიმენტით სცადა. აზიის ერთ-ერთი ქვეყნიდან ჩამოსული ვიზიტორი ჩვენი თხოვნით დარეგისტრირდა ინტერნეტ გაცნობის აპლიკაცია ტინდერზე, სადაც მალევე დაუკავშირდა „სქაი ბარის“ ე.წ. პრომო გოგონა. საუბრის ბოლოს მიმზიდველი გარეგნობის ქალმა უცხოელ მამაკაცს პაემანი სწორედ „სქაი ბარში“ დაუნიშნა.

ჩვენ ხელთ გვაქვს მტკიცებულება ანუ ქვითარი, რომელზეც „სქაი ბარში“ მიღებული მომსახურება დეტალურადაა ნაჩვენები. მათ შორის ამ ჩეკზე მითითებულია, რომ მხოლოდ 720 ლარი ტურისტს 12 ჭიქა 50 გრამიან ჯონი ვოლკერში გადაახდევინეს. კანონდამცველის შავი ბიზნესი როგორც ჩანს არა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაზე მუშაობს. ანგარიშსწორებისას აქ უარს არც ამერიკულ დოლარზე ამბობენ.

პოლიციის მაღალჩინოსანი, რომლის ოჯახური ბიზნესიც ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელ ტურიზმს საფრთხეს უქმნის და ქვეყნის იმიჯს აზარალებს, კანონთან შესაბამისობაში არც აქამდე ყოფილა. 3 წლის წინ, წყალტუბოსა და სამტრედიის პოლიციის ყოფილი უფროსი, ქუთაისის რესტორან ქალაქურში სასტიკად გაუსწორდა მისსავე კოლეგას რევაზ ქარქაშაძეს, რომელიც სიკვდილს გადაურჩა და ფეხის მძიმე ტრავმა და სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო.

სწორედ ამ სისხლიანი გარჩევის შემდეგ დაატოვებინეს ამირან გუმბერიძეს იმერეთის რეგიონი, თუმცა სისტემაში მაინც დატოვეს და ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში გადმოყვანით კანონდამრღვევი პოლიციელი, ფაქტობრივად, დააწინაურეს.

თბილისში გადმოყვანილი გუმბერიძე კრიმინალთან ბრძოლის ნაცვლად საკუთარ ბიზნესს ავითარებს და კანონს თავად არღვევს. მის კუთვნილ „სქაი ბარში“ 2 თვის წინაც სკანდალი მოხდა. პოლიციელები, რომლებიც კოლეგის ღამის კლუბს ხშირად სტუმრობენ, 27 ოქტომბერს საქმეს ქურდული სამყაროს წევრებთან ერთად სწორედ აქ არჩევდნენ.

ამირან გუმბერიძის შავი ბიზნესის შესახებ, სავარაუდოდ, ცნობილია გომელაურის უწყებისთვისაც, თუმცა ამ დრომდე SKY BAR-ისა და მის მიერ თაღლითური გზით გაძარცული ტურისტების ბედით არავინ დაინტერესებულა. გუმბერიძე კი სარგებლობს იმით, რომ საქართველოში რამდენიმე დღით ჩამოსული ვიზიტორები, საქმის აღძვრას და გამოძიების შედეგების ლოდინს ისევ ფულის გადახდას ამჯობინებენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი