კოვიდდადებითი ტყუპები, რომლებიც “კლინიკა ბომონდი”-ს ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ, გარდაიცვალნენ.
ტყუპები, რომლებიც 28 კვირის ორსულობაზე დაიბადნენ, სამედიცინო დაწესებულებაში ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობდნენ.
"ტყუპები დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ და დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე ტყუპი კოვიდდადებითი დაიბადა. კოვიდური პნევმონია ჰქონდათ. მთელი განყოფილება 24-საათიან რეჟიმში ვიბრძოდით მათი სიცოცხლისათვის. პატარებისთვის მკურნალობა და ყურადღება არ დაგვიკლია, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხარო შედეგი დადგა", - აცხადებს "კლინიკა ბომონდი"-ს ახალშობილთა ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ბარათაშვილი.
კორონავირუსით 2 სექტემბერს გარდაიცვალა ტყუპების დედაც - 47 წლის ქალი ქუთაისიდან თბილისში იყო გადმოყვანილი, მისი მდგემოარეობა თავიდანვე მძიმედ ფასდებოდა.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 34 ადამიანი. დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 3 534 ადამიანი გამოჯანმრთელდა.